ექსპერტმა ევროკავშირთან საქართველოს სავიზო რეჟიმის გამარტივების პირობები დაასახელა

© Public Domainნატო
ნატო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავრობის წარმომადგენლებმა 2015 წლის ბოლო–2016 წლის დასწყისში ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედების იმედი არაერთხელ გამოთქვეს.

თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გამარტივებას მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა ველოდოთ, თუ ევროპა დარწმუნდება, რომ საქართველოსთან ვიზალიბერალიზაცია მისთვის საფრთხეს არ შექმნის, განაცხადა სააგენტო „სპუტნიკთან“ საუბრისას ევროინტეგრაციის პროგრამის ფონდის „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მენეჯერმა ვანო ჩხიკვაძემ.

ევროკომისიის 2015 წლის 8 მაისის მოხსენების თანახმად, საქართველომ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის (VLAP) სამოქმედო გეგმის მეორე ფაზის 15 ძირითადი მოთხოვნიდან შვიდი შეასრულა. ევროკომისიის რიგით მეოთხე მოხსენება 15 დეკემბერს გამოქვეყნდება, რის შედეგადაც სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ტექნიკური პროცესი დასრულდება.

„აუცილებელია ორი ეტაპის გადალახვა. პირველია – მისია, რომელიც საქართველოს ეწვევა და მიღწეულ პროგრესს შეაფასებს, ამ პროგრესით კმაყოფილი უნდა დარჩეს და დეკემბრისთვის, შესაბამისად, დადებითი რეკომენდაცია მოამზადოს. და მეორე – პოლიტიკური მხარდაჭერაა და ამ მიმართულებით საქართველოს პარლამენტმა აქტიურად უნდა იმუშაოს“, – განაცხადა ვანო ჩხიკვაძემ.

ანგარიშის მოსამზადებლად ევროპელი ექსპერტები საქართველოში ოთხდღიანი ვიზიტით 28 სექტემბერს ჩამოვიდნენ. ევროკომისია, შესაბამისი არსებული პროცედურის თანახმად, შენგენის სივრცეში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედების შესახებ რეკომენდაციით ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს მიმართავს. ამის შემდეგ ევროკავშირის ქვეყნებმა პოლიტიკური  გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.

ევროკავშირმა და საქართველომ ასოცირების ხელშეკრულებას 2014 წლის ივლისში მოაწერეს ხელი, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის გაღრმავებული და ყოვლისმომცველი ზონის შესახებ. დოკუმენტი ევროკავშირის 28 ქვეყანაში რატიფიცირების პროცესს გადის. 

მთავრობის წარმომადგენლებმა 2015 წლის ბოლოს–2016 წლის დასწყისში ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედების იმედი არაერთხელ გამოთქვეს.

 


ყველა ახალი ამბავი
0