პარიზში გაეროს კლიმატური კონფერენცია იხსნება

© photo: Sputnik / Alexander Yuriev / გადასვლა მედიაბანკშიპარიზი
პარიზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონფერენციის ფარგლებში 6 ათასამდე ღონისძიება ჩატარდება. მათ შორის, 65 კულტურის სფეროდან, 227 კი სხვა მიმართულებებიდან. ასევე გაიმართება 184 დისკუსიური პანელი და მრგვალი მაგიდა.

თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. პარიზში ორშაბათს მაღალი დონის ერთ–ერთი ყველაზე მასობრივი ღონისძიება — გაეროს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის წევრთა კონფერენცია (COP21) იხსნება, რომელსაც თითქმის 150 ქვეყნის მეთაური და მთავრობის წარმომადგენელი დაესწრება. 

2014 წლის დეკემბერში ლიმაში გამართულ XX კონფერენციაზე COP21–ის მონაწილე 196 ქვეყნის წარმომადგენლებმა დაამტკიცეს შეთანხმების ტექსტი, რომელიც პარიზის შეთანხმების საფუძველი უნდა გახდეს. მას ხელი COP21–ის მიმდინარეობისას უნდა მოეწეროს, 2020 წელს ის კიოტოს ოქმს ჩაანაცვლებს.

კიოტოს ოქმი საერთაშორისო შეთანხმებაა, რომელიც 1997 წელს კიოტოში კლიმატის ცვლილებების შესახებ გაეროს ჩარჩო კონვენციის დამატების სახით მიიღეს. ის განვითარებულ და გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს ავალდებულებს, შეწყვიტონ ან დაასტაბილურონ სათბური აირის ატმოსფეროში გაფრქვევის ისეთი დონე, რომელიც დედამიწის კლიმატისთვის საშიშროებას არ წარმოქმნის. 

ანტალია - Sputnik საქართველო
G20–ის ლიდერები კლიმატურ კონფერენციაზე სავალდებულო შეთანხმების მიღწევას აპირებენ

სავარაუდოდ, პარიზის ფორუმში მონაწილეობას სამოქალაქო საზოგადოების 14 ათასი წარმომადგენელი მიიღებს. მის გასაშუქებლად განაცხადი დაახლოებით 6 ათასმა ჟურნალისტმა შეიტანა, თუმცა აკრედიტაცია მხოლოდ 3 ათასმა შეძლო. ორგანიზატორებმა განმარტეს, რომ ტექნიკური თვალსაზრისით ყველა მსურველის მიღება შეუძლებელია.

კონფერენციის ფარგლებში 6 ათასამდე ღონისძიება ჩატარდება. მათ შორის, 65  კულტურის სფეროდან, 227 კი სხვა მიმართულებებიდან. ასევე გაიმართება 184 დისკუსიური პანელი და მრგვალი მაგიდა. 

პარიზის კლიმატური კონფერენციის ორგანიზება და მომზადება 170 მლნ ევრო დაჯდა.

საფრანგეთში ქვეყნის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის მიწვევით საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაემართა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური პატივს მიაგებს პარიზში განხორციელებული ტერორისტული აქტების შედეგად დაღუპულთა ხსოვნას. 30 ნოემბერს ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვა კონფერენციის გახსნის ცერემონიაზე.

უსაფრთხოების ზომები

საფრანგეთის ხელისუფლებამ ქვეყნის ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომების გაძლიერების შესახებ ჯერ კიდევ პარიზის ტერაქტებამდე განაცხადა, რომელმაც 13 ნოემბერს 130 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამგვარად, კონფერენციის დაწყებამდე ორი კვირით ადრე სასაზღვრო კონტროლი გაძლიერდა.

ტერაქტების შემდეგ უსაფრთხოების ზომები კვლავ გაძლიერდა, ქვეყნის ხელისუფლებამ და კონფერენციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ზოგიერთი ადრე დაგეგმილი საჯარო ღონისძიება აღარ გაიმართება.

„დაგეგმილი ღონისძიებები ჩატარდება დახურულ ნაგებობებში და ისეთ ადგილებში, სადაც უსაფრთხოების უზრუნველყოფა ადვილია, თუმცა მთავრობამ „კლიმატისთვის სეირნობის“ გაუქმება გადაწყვიტა, რომლის ჩატარებაც 29 ნოემბერსა და 12 დეკემბერს იგეგმებოდა პარიზსა და სხვა ქალაქებში“, — განაცხადეს ორგანიზატორებმა. 

ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
პრემიერი: კლიმატური ცვლილებები საქართველოსთვის რისკებს ქმნის

მთლიანობაში, კონფერენციის მსვლელობისას ქვეყანაში უსაფრთხოებას 120 ათასი პოლიციელი, ჟანდარმი და სამხედრო უზრუნველყოფს.

კერძოდ, დაახლოებით 8 ათასი სამართალდამცავი საფრანგეთის საზღვრებს დაიცავს, ხოლო 2,8 ათასი — უშუალოდ პარიზის გარეუბან ლე–ბურჟეს, სადაც კონფერენცია ჩატარდება.

გარდა ამისა, საფრანგეთის შს მინისტრმა ბერნარ კაზნევმა პარიზის მოსახლეობას მოუწოდა, 29 და 30 ნოემბერს პირადი ავტომობილებით სარგებლობისგან თავი შეიკავონ, რადგანაც კლიმატური კონფერენციის გახსნასთან დაკავშირებით გზების ნაწილი გადაიკეტება, ხოლო პარიზის მერმა ან იდალგომ განაცხადა, რომ ამ დღეებში საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ იმგზავრებენ.

შეხვედრები კონფერენციაზე

პარიზში შეკრებილი მსოფლიო ლიდერები პარტნიორებთან შეხვედრის შემთხვევით ისარგებლებენ. 

ამ დროისთვის ცნობილია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ისრაელის პრემიერ ბენიამინ ნათანიაჰუს შეხვდება, ხოლო ევროსაბჭოს თავმჯდომარე დონალდ ტუსკი — უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს. პორიშენკოსთან შეხვედრას ასევე გამართავს ევროკომისიის თავმჯდომარე ჟან–კლოდ იუნკერიც.

ჩინეთის ლიდერი კლიმატური კონფერენციის მსვლელობისას ორმხრივ შეხვედრებს გამართავს აშშ–ისა და საფრანგეთის პრეზიდენტებთან — ბარაკ ობამასა და ფრანსუა ოლანდთან.

გამორიცხული არ არის, რომ შეხვედრების სია გაიზარდოს, ასევე, შესაძლოა, გაიმართოს პრეზიდენტებისა და მთავრობების მეთაურების წინასწარ დაუგეგმავი მოლაპარაკებები.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0