თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. ნატოს წევრი ქვეყნების მოსაზრებები იმის თაობაზე, თუ როგორი სიგნალი უნდა მისცენ საქართველოს სამხედრო ბლოკში მისი გაწევრიანების შესახებ, გაიყო, აღნიშნულია სააგენტო „როიტერის“ სტატიაში.
ალიანსის ზოგიერთი ევროპელი მონაწილის აზრით, რუსეთთან კონფლიქტის შემთხვევაში, ნატო ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის დაცვას ვერ შეძლებს, აღნიშნავს სააგენტო.
„საქართველოს ნატოში სწრაფი გაწევრიანების პირობა თბილისს ჯერ კიდევ 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე მისცეს. თუმცა, ამან მოსკოვთან ურთიერთობებში დაძაბულობის პროვოცირება მოახდინა, რაც ოთხ თვეში ომში გადაიზარდა და რუსულმა ჯარებმა სეპარატისტული ქართული რეგიონები — სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დაიკავეს“, — ნათქვამია სტატიაში.
მას შემდეგ საქართველოს ნატოში გაწევრიანების ვადა მუდამ გარკვეული დროით იწევდა, მაგრამ ამ თემამ, როგორც ჩანს, შესაძლოა სამშაბათს, ბრიუსელში ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე კვლავ იჩინოს თავი, სადაც ჩერნოგორიასთან ანალოგიური მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებენ.
„ზოგიერთი შეშფოთებულია, რომ ჩერნოგორიის მოწვევამ (ნატოში) შეიძლება არასწორი სიგნალი მისცეს (საქართველოს)“, — განუცხადა „როიტერს“ ანონიმურობის პირობით ნატოს ერთ-ერთმა დიპლომატმა.
იმ დროს, როდესაც აშშ რუსეთთან ურთიერთობებში თავისი სტრატეგიის საკვანძო ელემენტის სახით სამხედრო ბლოგის გაფართოებას განიხილავს, საფრანგეთი შიშობს, რომ ჩერნოგორიის მოწვევა საქართველოს ნატოში სწრაფვასთან დაკავშირებულ მოლოდინებს გააძლიერებს. გერმანია,რომელიც ჩერნოგორიის ალიანსში მიღების მომხრეა, საქართველოს გაწევრიანებას ეწინააღმდეგება, აღნიშნულია სტატიაში.
ალიანსის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი წარმომადგენლის განცხადებით, ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ჩერნოგორიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უკვე მომავალ კვირაში ელოდება. ამავდროულად, ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ალიანსის წევრობის კანდიდატებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის „მოქმედების ზოგიერთი გზამკვლევის“ წარდგენა შეუძლიათ, განაცხადა დიპლომატმა, წერია სტატიაში.