თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. თურქეთი გასცდა საჰაერო საზღვრის დარღვევის შემთხვევაში საერთაშორისოდ მიღებული პრაქტიკის ჩარჩოს. ანკარა მართალიც რომ იყოს და რუსულ სუ 24–ს მართლაც დაერღვია თურქეთის საჰაერო სივრცე, თვითმფრინავი ქვეყნის ტერიტორიის თავზე სულ 17 წამი იმყოფებოდა და არანაირი აგრესიული ზრახვა არ გამოუმჟღავნებია, — წერს ექსპერტი გლობალური პოლიტიკის საკითხებში, ნიუ–იორკის უნივერსიტეტის პროფესორი მარკ გალეოტი.
„საჰაერო საზღვრების დარღვევა, შესაძლოა ნაკლებად დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებაში, მაგრამ მუდმივად ხდება. ჩვეულებრივ, პირველი, რასაც უნდა ელოდო — ეს გამაფრთხილებელი გასროლებია, ხოლო შემდეგ — თვითმფრინავის იძულება, დატოვოს უცხო ქვეყნის საჰაერო სივრცე, ან მიწაზე დაეშვას“, — წერს პოლიტოლოგი.
ის, რომ თურქებმა რუსული თვითმფრინავი 17 წამის შემდეგ ჩამოაგდეს, თანაც ქვეყნის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანის პირადი ბრძანებით, იმაზე მეტყველებს, რომ თურქეთი ელოდებოდა, როდის მიუახლოვდებოდა რუსული თვითმფრინავი მის საზღვრებს, რათა ამ სახით გაეგზავნა რუსეთისთვის „ფეთქებადსაშიში შეტყობინება“. ამ თვალსაზრისით გასაგებია, თუ რატომ უწოდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თურქულ შეტევას პროვოკაცია და „ჩასაფრება“, — აღნიშნავს მარკ გალეოტი.
2012 წელს სირიამ თურქული თვითმფრინავი ჩამოაგდო, რომელმაც მისი საჰაერო საზღვრები დაარღვია. რეჯეფ თაიიფ ერდოღანის პასუხი ამაზე მრისხანებით იყო აღსავსე. მან განაცხადა, რომ „საზღვრის მცირე ხნით დარღვევა არ შეიძლება იყოს თავდასხმის საბაბი“. ნატოს გენერალურმა მდივანმა იმ პერიოდში ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ მომხდარი „სირიის ხელისუფლების მხრიდან საერთაშორისო ნორმების უპატივცემულობის კიდევ ერთი მაგალიათია“. ამჟამინდელ ვითარებაში კი ანკარის მიმართ მსგავსი კრიტიკა არ ისმის, — აღნიშნავს პოლიტოლოგი.
ჯერჯერობით რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები სიტუაციის დიპლომატიურ კალაპოტში მოქცევას ცდილობენ. არსებობს ისეთი მყარი მექანიზმები, რომლებიც, დიდი ალბათობით, ვითარებას გააკონტროლებს. ნატო აცნობიერებს, რომ თურქეთი მოკავშირეა, მაგრამ კონფლიქტში არ მონაწილეობს, რათა სიტუაცია კიდევ მეტად არ დაძაბოს. რუსეთმა იცის, რომ მიუხედავად მისი გარკვეული მორალური ავტორიტეტისა, თუ საქმე სამხედრო ზეწოლამდე მივა, ნატო მხარს „მეამბოხე მოკავშირეს“ დაუჭერს, — ვარაუდობს ექსპერტი.
პოლიტოლოგის აზრით, რუსეთისა და თურქეთის ქცევები საერთაშორისო არენაზე ერთმანეთს ჰგავს. მარკ გალეოტი მიიჩნევს, რომ შესაძლებელია სირიაში ოპერაციის დაწყებით რუსეთი საკუთარ მიზნებს ახორციელებდა, ხოლო ვლადიმირ პუტინი და რეჯეფ ერდოღანი სისასტიკით ერთმანეთს ჰგავდნენ. თუმცა თურქეთი უმოწყალოდ იცავს საკუთარ ეროვნულ ინტერესებს სირიაში. ანკარა ხშირად არის დამნაშავე იმაში, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე შეტევების ნაცვლად ქურთების პოზიციებს უტევს, რომლებიც უკიდურესად ეფექტურ ძალას წარმოადგენენ ჯიჰადისტების წინააღმდეგ ბრძოლაში, — წერს მარკ გალეოტი.
პოლიტოლოგის აზრით, რუსეთი და თურქეთი ერთმანეთს ღიად არ დაუპირისპირდებიან, თუმცა შეუძლიათ დაძაბულობა სირიაში მოქმედებაზე გადაიტანონ და „შუამავლური ომი“ დაიწყონ. და მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით სიტუაციის კონტროლი ხერხდება, ის უახლოეს მომავალში ბოლომდე არ გადაწყდება. მომავალ თვეებში „ხისტი ქმედებებია“ მოსალოდნელი.