თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. თურქეთმა სირია–თურქეთის საზღვართან ახლოს რუსული თვითმფრინავის, სუ–24–ის ჩამოგდებით, დიდი შეცდომა დაუშვა, — განაცხადა ოპოზიციური პარტია „ქართული დასის“ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ ხუთშაბათს, 26 ნოემბერს რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში გამართულ ბრიფინგზე.
რუსული თვითმფრინავი Су —24 სირიაში სამშაბათს ჩამოაგდეს. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ თვითმფრინავს რაკეტა თურქულმა F-16-მა სირიის თავზე ესროლა და სირიის ტერიტორიაზე, თურქეთის საზღვრიდან ოთხ კილომეტრში ჩამოაგდო. პუტინმა ამას ტერორისტების ხელშემწყობთაგან „ზურგში დანის დარტყმა“ უწოდა.
„თურქეთმა დიდი შეცდომა დაუშვა. ამით მან ნამდვილი სახე გამოაჩინა და პრინციპში, დაადასტურა, რომ ის არა მხოლოდ ირიბად, არამედ პირდაპირაც უჭერს მხარს რადიკალურ ფორმირებებს სირიის ტერიტორიაზე“, — განაცხადა ბაღათურიამ.
რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებით, თურქეთმა რუსეთს სირიაში სამხედრო თვალსაზრისით გაძლიერების შესაძლებლობა მისცა, რაც შედეგად ახლო აღმოსავლეთში შეიარაღების ძალთა ბალანსის დარღვევას მოიტანს, დარწმუნებულია ბაღათურია.
„მათ რუსეთს სირიაში შეიარაღების გაძლიერების საფუძველი მისცეს. რეალურად, რუსეთი ახლა სირიას აუღებელ ბასტიონად აქცევს — იქ უახლესი ტექნოლოგიების შეყვანა დაიწყო. С-400 ყველაზე თანამედროვე ანტისაჰაერო და ანტისარაკეტო სისტემაა და მისი იმ რეგიონში განთავსება საერთოდ დაარღვევს ბალანსს სირიისა და რუსეთის სასარგებლოდ… დღეს С-400–ის შეყვანის წინააღმდეგ განცხადებას უკვე ვეღარავინ გააკეთებს. თუ თურქეთს ეს შედეგი უნდოდა, მიიღო კიდეც“, — განაცხადა პოლიტიკოსმა.
ფლაგმანი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში რუსეთია. ის ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც უკანონო ბანდფორმირებების წინააღმდეგ წარმატებით იბრძვის. ამ კონტექსტში საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთთან თანამშრომლობა უნდა დაიწყოს, მიიჩნევს „ქართული დასის“ ლიდერი.
„ერთადერთი ქვეყანა, რომელიც დღეს ტერორიზმს რეალურად ებრძვის — რუსეთია, და ის წარმატებითა და ეფექტურად იბრძვის. ამიტომ [საქართველოს] ხელისუფლება უბრალოდ, ვალდებულია რუსეთთან თანამშრომლობა დაიწყოს და არა მარტო საზღვრები გადაკეტოს, არამედ შეუდგეს აქ შექმნილი კრიმინალური ანკლავების კონტროლს, სადაც ახალგაზრდების გადაბირება ხდება“, — აღნიშნა ჯონდი ბაღათურიამ.
საქართველო პოტენციური ბოევიკებისა და ტერორისტებისთვის სატრანზიტო ქვეყანა გახდა. ამაში როგორც ამჟამინდელი, ისე წინა ხელისუფლებაა დამნაშავე, დარწმუნებულია ბაღათურია.
„ჩვენი ხელისუფლების უმოქმედობის გამო საქართველო უკვე დიდი ხანია სატრანზიტო სახელმწიფო გახდა პოტენციური ბოევიკების, ტერორისტების, იარაღის უკანონო გადაზიდვისთვის და ა. შ. ეს ახლა, ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში არ დაწყებულა“, — დასძინა „ქართული დასის“ ლიდერმა.
„ქართული დასი“ სოციალური მიმართულების ცენტრისტული პარტიაა. ბოლო მონაცემებით, პარტიაში რვა ათასი წევრია. პოლიტიკური ორგანიზაცია საქართველოს თითქმის ყველა დიდ ქალაქშია წარმოდგენილი.