თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. ბელგიაში მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაცია ჩატარდა, რომელშიც პოლიცია და სამხედრო შენაერთი მონაწილეობდა. ხელისუფლების განცხადებით, ძალოვანთა აქტიურობა უპრეცედენტო იყო.
ბრიუსელის რეგიონში საფრთხის დონემ მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია.
მთავარი ეჭვმიტანილი ნაპოვნი არ არის
სპეცოპერაციის მთავარი მიზანი სალაჰ აბდესლამი — 13 ნოემბრის პარიზის ტერაქტების ორგანიზებაში ერთ–ერთი ძირითადი ეჭვმიტანილი იყო. მის სახელზე ბრიუსელში იჯარით იყო გაცემული ავტომობილი, ხოლო პარიზის გარეუბანში სასტუმროს ნომრები, სადაც ტერორისტები დანაშაულის ჩადენამდე ცხოვრობდნენ. 13–14 ნოემბრის ღამეს აბდესლამს ბრიუსელიდან მეგობრებმა მიაკითხეს, რომლებმაც იგი ბრიუსელის რეგიონის ერთ–ერთ კომუნაში გადაიყვანეს. მას შემდეგ მის შესახებ არაფერია ცნობილი.
მისი პოვნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილის კვალსა და იარაღს ვერც მოლენბეკ-სენ-ჟანის, ანდერლეხტის, სკარბეკის, ჟეტის კომუნებსა და შარლერუას ქალაქში ჩატარებული სამძებრო ოპერაციებისას მიაგნეს.
„ვერ ვიპოვეთ ვერც იარაღი და ვერც ასაფეთქებელი მოწყობილობები. ასევე ვერ ვიპოვეთ სალაჰ აბდესლამი“, — იუწყებიან პროკურატურის წარმომადგენლები.
აბდესლამის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ იგი კვლავ ბელგიაში იმალება. „ ამ დრომდე, არც მე და არც ჩემ ოჯახს სალაჰის შესახებ ახალი ამბავი არ გაგვიგია. შეიძლება იგი კვლავ ბელგიაში იყოს. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ იგი აქაა. აფეთქებების შემდეგ გაძლიერებული უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ეჭვი მეპარება რომ წასულიყო აქედან“, — აღნიშნა ეჭვმიტანილის ძმამ მოჰამედ აბდესლამმა.
მოჰამედის განმარტებით, ოჯახს სალაჰის ქმედებებში საეჭვო არაფერი შეუმჩნევია. „ არანაირი ცვლილება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს ძმებს აზრი რადიკალურად არ შეუცვლიათ. ისინი უბრალოდ გამოიყენეს და შეიძლება ამიტომაც ვერ შევამჩნიეთ მათი ასეთი რადიკალურობა“, — განაცხადა ძებნილის ძმამ.
ბელგიური მედია აბდესლამის მეგობრის, ამზა ატუს ადვოკატის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ, როდესაც ატუს ის საკუთარი ავტომობილით პარიზიდან ბრიუსელში გადაჰყავდა, ეჭვმიტანილს შესაძლოა შაჰიდის ქამარი ან სხვა ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონოდა სხეულზე მიმაგრებული. ამასთან, ატუმ განაცხადა, რომ ეს მხოლოდ ვარაუდია — მას არც ასაფეთქებელი მოწყობილობა დაუნახავს და არც შაჰიდის ქამარი.
დაკავებულია 16 ადამიანი
ბელგიაში ჩატარებული სპეცოპერაციისას 16 ადამიანი დააპატიმრეს.
„16 ადამიანს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხვალ სასამართლოს გამომძიებელი მათი პატიმრობაში დარჩენის შესახებ მიიღებს გადაწყვეტილებას“, — განაცხადა პროკურატურის წარმომადგენელმა.
ხელისუფლების მოსაზრებით, ბრიუსელის ცენტრალური რეგიონის ტერიტორიაზე, შესაძლოა ტერორისტები იმალებოდნენ.
„ბრიუსელის რეგიონის ტერიტორიაზე ორი ტერორისტი იმყოფება, რაც საფრთხეს თავისთავად ზრდის“, — განაცხადა ბრიუსელის კომუნის ბურგომისტრმა სკარბეკ ბერნარ კლეფემ.
საფრთხის დონე — უმაღლესი
არსებული ვითარებიდან გამომდინარე ბელგიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ბრიუსელში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი, მეოთხე დონე ნარჩუნდება, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებობს ტერაქტის სერიოზული და გარდაუვალი საფრთხე.
„საფრთხეების ანალიზის საკოორდინაციო ცენტრმა მიიღო გადაწყვეტილება ბრიუსელის რეგიონისთვის ძალაში დატოვოს ტერორისტული საფრთხის უმაღლესი, მეოთხე დონე. ბელგიის დანარჩენ ტერიტორიაზე საფრთხის დონის მაჩვენებელი სამია“, — აღნიშნა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა შარლ მიშელმა.
ბრიუსელში, ძირითადად, რამდენიმე სასწავლო დაწესებულება დაიკეტება.
„ხვალ ბრიუსელში სკოლები დაიკეტება“, — განაცხადა ქვეყნის მთავრობის მეთაურმა.
მისი სიტყვებით, ხელისუფლება ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბელგიაში პარიზის 13 ნოემბრის მსგავსი ტერაქტის მოწყობა იგეგმება.
ამ მომენტისთვის ბრიუსელში დაკეტილია მეტრო და ტრამვაის მიწისქვეშა სადგურები, გაძლიერებულია პატრულირება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საპატრულო პოლიციას დაურიგეს ავტომატური იარაღი, გაუქმებულია ყველა მასობრივი ღონისძიება, დაკეტილია კონოთეატრები, მუზეუმები და საკონცერტო დარბაზები.