თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის კონკრეტული გეგმა და სტრატეგია აქვს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ბრიჯიტ ბრინკთან (Bridget Brink) თბილისში შეხვედრის შემდეგ.
მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავებასა და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს.
„მისი სტუმრობა მნიშვნელოვანია. საქართველოში იგი ჩამობრძანდა სწორედ ერთი კვირის შემდეგ, რაც დასრულდა ვაშინგტონში ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი — სტრატეგიული პარტნიორობის ეგიდით სამუშაო ჯგუფების შეხვედრა გაიმართა. მოგეხსენებათ, წინა კვირაში, ძალიან სასარგებლო და ნაყოფიერი მუშაობა იყო. მეც მომიწია ამ დროს იქ ყოფნა და ვესწრებოდი ამ პროცესს. ასე რომ, ყველა მიმართულებით, დემოკრატიის, უსაფრთხოების, ეკონომიკის, კულტურის, განათლების და ყველა სხვა მიმართულებით, ჩვენ გვაქვს შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის ძალიან კონკრეტული გეგმა და სტრატეგია და ამას მივყვებით. რაც შეეხება ქალბატონი ბრიჯიტის სტუმრობას, იგი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებშია ჩამობრძანებული, ასე რომ გაეცნობა აქ, ადგილზე ვითარებას კიდევ და ჩვენ უკვე ვემზადებით გაზაფხულისთვის, როდესაც სტრატეგიული პარტნიორობის ეგიდით, საქართველოში ჩატარდება უკვე მაღალი დონის შეხვედრები“,- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
მანამდე ბრინკი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიაზე, რომელიც საქართველოსა და აშშ-ს შორის გაფორმდა, ასევე თანამშრომლობის გაღრმავების დიდ პოტენციალზე.
ქარტიას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ საქართველოსა და აშშ-ს შორის 2009 წლის 9 იანვარს მოეწერა ხელი ვაშინგტონში. შეიქმნა სამუშაო ჯგუფები რიგ მიმართულებებზე.
დოკუმენტი ითვალისწინებს საპარტნიორო ურთიერთობების გაფართოებას და თანამშრომლობას უსაფრთხოებისა და თავდაცვის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, დემოკრატიული რეფორმების, დიპლომატიისა და კულტურის სფეროებში.