თამარ კვარცხელია
ამოქმედდება თუ არა რუსეთთან ვიზა-ლიბერალიზაცია, ეს საკითხი უახლოეს მომავალში გადაწყდება. აღნიშნულის შესახებ განცხადებები, ორმხრივი მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გრიგორი კარასინმა და ზურაბ აბაშიძემ გააკეთეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების საკითხებში ზურაბ აბაშიძე და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ერთმანეთს 19 ნოემბერს, პრაღაში შეხვდნენ.
აღნიშნული თემა საქართველოში ახალი დაპირისპირების საგნად იქცა. რუსეთთან სავიზო რეჟიმის შესაძლო გამარტივებას საფრთხის შემცველად მიიჩნევენ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში".
როგორც,,Sputnik"-ს "პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დავით დარჩიაშვილმა განუცხადა, რუსეთს ერთადერთი მიზანი აქვს და ეს მიზანი საქართველოს ინტერესების რუსეთის ინტერესებისთვის,,მიბმაა".
დავით დარჩიაშვილი: ,,რუსეთს აქვს ერთადერთი მიზანი — დაიმოჩილოს საქართველო. ნებისმიერი საკითხს, ჰუმანიტარული იქნება ეს, ეკონომიკური თუ კულტურული, ისინი განიხილავენ, როგორც საკუთარი იმპერიული პოლიტიკის წარმოების საშუალებას. კეთილმეზობლურ ურთიერთობასაც სწორედ მათი იმპერიული ამბიციები უშლის ხელს. რასაკვირველია, არავინ იქნება წინააღმდეგი, თუკი საქართველოს რიგით მოქალაქეებს გაუმარტივდებათ მიმოსვლა რუსეთში, მითუმეტეს თუ მათ იქ ოჯახის წევრები ან ნათესავები ჰყავთ, მაგრამ თუკი ეს, იმის ფასად უნდა მოხდეს, რომ მომავალში საქართველომ არ დააყენოს რუსული აგრესიული პოლიტიკის საკითხი საერთაშორისო დონეზე და ჩვენ მთლიანად მოვწყდეთ უკრაინის კრიზისის თემას, რაც პრინციპში უკვე მიღწეულიცაა, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ საქართველო საბოლოოდ დაადგა რუსეთთან ინტეგრირების გზას", — განაცხადა დარჩიაშვილმა.
დარჩიაშვილისგან სრულიად განსხვავებული პოზიცია აქვთ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებსა და ექსპერტთა ნაწილს. რამაზ საყვარელიძე რუსული ინტერესებისთვის საქართველოს ინტერესების მიბმის საფრთხეს ვერ ხედავს. ჩვენთან საუბარში მან დავით დარჩიაშვილს უპასუხა და რიტორიკული შეკითხვა დაუსვა: გამოდის თუ არა მისი ნათქვამიდან, რომ საქართველო ყველა სხვა ქვეყნის ინტერესებზეა,,მიბმული", რომელთანაც უკვე ამოქმედებულია ლიბერალული სავიზო რეჟიმი.
რამაზ საყვარელიძე:,,ნაციონალებს" საკმაო პოლიტიკური განათლება აქვთ, უბრალოდ მათ სჭირდებათ მსგავსი განცხადებების კეთება. მათ მშვენივრად იციან, რომ პოლიტიკაში მტრები და მეგობრები არ არსებობენ, ვისაც როგორ სჭირდება, ისეთ ურთიერთობას ამყარებს მეორე ქვეყანასთან. სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ რუსეთს დასჭირდა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და,,ნაციონალებმა" ამის მიღწევაში მათ ხელი საკმაოდ შეუწყვეს. ახლა თუ დავიჩემებთ იმას, რომ არაფერი ვიღონოთ რუსეთთან ურთიერთობის აღსადგენად, ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთს თავისუფლად ტოვებ მის მიერ ოკუპირებულ შენს კუთვნილ ტერიტორიაზე.,,ნაციონალების" მსგავსი პოლიტიკური ხედვები და ქმედებები, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს, ვიდრე ჩვენსაზე", - განაცხადა საყვარელიძემ.
,,Sputnik" საპარლამენტო უმრავლესობასაც დაუკავშირდა. თამაზ მეჭიაურის თქმით, საორჭოფო იმაში არაფერია, რომ რუსეთთან ვიზა-ლებერალიზაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის მხოლოდ დადებითი შედეგის მომტანი იქნება.
თამაზ მეჭიაური:,,არ ვიცი რას ნიშნავს სავიზო რეჟიმის გამარტივებით რუსეთის ინტერესებზე მიბმა. მაშინ გამოდის, რომ აშშ და ევროპა დიდი ხანია რუსულ ინტერესებს დაექვემდებარნენ. ისინი ვიზებზე კი არა, ლამის უკვე კოალიციაზე საუბრობენ. მთელი მსოფლიო ერთიანდება და ჩვენ განზე დავრჩეთ? უკრაინასაც კი, საომარი მდგომარეობის მიუხედავად, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა არ გაუწყვეტია," — განაცხადა მეჭიაურმა ჩვენთან საუბარში.
,,კარასინი-აბაშიძის ფორმატთან დაკავშირებით ზურაბ აბაშიძის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა ქართული ხელისუფლების პოლიტიკის კურიოზულობა", — ასე გამოეხმაურა პრაღაში გამართულ შეხვედრას ნინო ბურჯანაძე. მისი თქმით, მას რჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველოზე მეტად სავიზო რეჟიმის გამარტივებით, რუსეთია დაინტერესებული.
ნინო ბურჯანაძე:,,ჩემი რუსეთში ვიზიტის დასრულების შემდეგ გავაკეთე განცხადება, რომ რუსეთის ხელისუფლებასთან საუბრის შემდეგ მივიღე მზადყოფნა მათგან სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით. ძალიან დაგვავალებს საქართველოს ხელისუფლება, თუ თავისი თვითდაჯერებული პოზიციით არ გააფუჭებს უკვე გაკეთებულ საქმეს. ჩვენი ჯარი კი არ დგას კრასნოდარის მხარეში, რუსეთის ჯარი დგას საქართველოს ძირძველ მიწაზე", — განაცხადა ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოში, თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა. საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი ამ ეტაპზე, ჟენევის დისკუსიებისა და პრაღის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში ნარჩუნდება, რომლებსაც საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი მართავენ.