თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული საქართველოს მოქალაქეები შესაძლოა უახლოეს პერიოდში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინისა და რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის მორიგი შეხვედრის შედეგებიდან გახდა ცნობილი.
დიპლომატების მორიგი შეხვედრა ხუთშაბათს, 19 ნოემბერს პრაღაში გაიმართა. მხარეებმა, ჩვეულებისამებრ, განიხილეს ჰუმანიტარული, სავაჭრო–ეკონომიკური და კულტურის სფეროს საკითხები.
„აღინიშნა, რომ სავარაუდოდ უახლოეს მომავალში მიღებულ იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებები, რომლის საფუძველზეც ჩვენი ქვეყნის რამდენიმე მოქალაქე დაუბრუნდება საკუთარ ოჯახს“, — აღნიშნულია საქართველოს მთავრობის მეთაურის პრესსამსახურის განცხადებაში.
რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოში აღიარა. ამის საპასუხოდ საქართველომ რუსეთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოვიდნენ, რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება საგარეო პოლიტიკის ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელეს.
ამჟამად რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში, ასევე რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილი გრიგორი კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში მიმდინარეობს.