თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობა ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამას იწყებს. ჩაის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაი" სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად მოამზადა, — იუწყება საქართველოს პრემიერის პრესსამსახური.
პროგრამის რეალიზაცია 2016 წლიდან დაიწყება, აღნიშნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ მთავრობის სხდომაზე.
პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო ბალანსზე არსებული 7 ათას ჰექტრამდე ჩაის პლანტაციების ეტაპობრივი რეაბილიტაცია იგეგმება.
სახელმწიფო ასევე განახორციელებს ჩაის გადამამუშავებელი მცირე საწარმოების ხელშეწყობის პროგრამას და დონორ ორგანიზაციებთან ერთად, დაიგეგმება სერთიფიცირების პროგრამები და განხორციელდება ყველა შესაბამისი ღონისძიება, რომელიც საჭიროა პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტისთვის.
2014 წელს ჩაის ექსპორტმა დაახლოებით 2 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2013 წელთან შედარებით, 1%–ით ნაკლებია. ფულადი გამოსახულებით ჩაის ექსპორტმა 2,3 მლნ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებული იყო 665,8 ტონა შავი და 1,2 ათას ტონაზე მეტი მწვანე ჩაი.