თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. ჩაის ინდოელი ექსპორტიორები დიდად დაინტერესდნენ საქართველოთი, როგორც რეგიონში ჩაით ვაჭრობის პოტენციური რეგიონული მსხვილი ცენტრით. ამის შესახებ ჩაის მწარმოებელთა ინდური ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე აზამ მონემმა გამოცემა „ეკონომიკ თაიმსს“ განუცხადა.
„თუ საქართველოში ჩვენს საქმიანობას საგრძნობს გავხდით, საქართველოს გავლით იოლად შევძლებთ თურქეთთან წვდომას. თურქეთი ჩაის უმსხვილესი მომხმარებელია მსოფლიოში“, — აღნიშნავს მონემი.
ინდოელი მეწარმეები რუსეთსა და დსთ-ის ქვეყნებში ჩაის მიწოდების გაზრდას აპირებენ. ინდური კომპანიების დელეგაცია მოსკოვში 14-17 სექტემბერს გამოფენა WorldFood-ს ეწვევა და პოტენციურ შემსყიდველებთან მოლაპარაკებებს გამართავს.
„ჩვენ მხოლოდ რუსეთში ექსპორტის გაზრდას არ ვაპირებთ. ჩვენი მიზანი დსთ-ის რეგიონში საქმიანობის გაძლიერებაა“, — აღნიშნა მონემმა.
რუსეთი და დსთ-ის ქვეყნები, მათ შორის უკრაინა, ყაზახეთი და აზერბაიჯანი, ყოველწლიურად 200-220 მლნ კგ ჩაის მოიხმარენ მაშინ, როდესაც ინდოეთი რეგიონს მხოლოდ 50 მლნ კგ ჩაის აწვდის. ინდოეთის მთავარი კონკურენტი რუსეთსა და რეგიონში ჩაის მსოფლიოში უმსხვილესი ექსპორტიორი შრი-ლანკაა, რომელსაც წელიწადში 60-65 მლნ კგ მსხვილფოთლოვანი ჩაი გააქვს ექსპორტზე.
ინდოეთმა 2014 წელს 207.44 მლნ კილოგრამი ჩაი გაიტანა ექსპორტზე. მიმდინარე წელს, ივლისამდე პერიოდში ინდური ჩაის ექსპორტი 9%-ით დაეცა და 88,94 მლნ კგ შეადგინა მაშინ, როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 97,67 მლნ იყო. ამჟამად ერთი კილოგრამი ინდური მსხვილფოთლოვანი ჩაის ფასი 247,56 რუპიაა (დაახლოებით 3,8 აშშ დოლარი).