თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. რუსულმა კომპანიამ პარიზში წარადგინა მოწყობილობა, რომელსაც ხალხში შაჰიდის ქამრის მატარებლის დისტანციურად აღმოჩენა შეუძლია. მოწყობილობით უკვე დაინტერესდნენ ეგვიპტის წარმომადგენლები, — განუცხადა რუსულ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ მწარმოებელი კომპანია ЮТТА–ს გენერალურმა დირექტორმა ვლადიმირ ტკაჩმა.
„ჩვენ გვაქვს აპარატი Анкер-Р, რომელიც შაჰიდის ქამრის დისტანციურად აღმოჩენის შესაძლებლობას იძლევა. მას ხუთი–ექვსი მეტრიდან შეუძლია ადამიანზე შაჰიდის ქამრის დაფიქსირება. მზად ვართ მისი აპრობაციისთვის, თუკი ჩვენი სპეცსამსახურები დაინტერესდებიან და შეკვეთას მოგვცემენ. პროტოტიპი შექმნილია, ახლა საქმე ისაა, რომ მოწყობილობა მოთხოვნადი გახდეს. გუშინ ამ აგრეგატით ეგვიპტელები ძალიან დაინტერესდნენ“, — განაცხადა სააგენტოს თანამოსაუბრემ.
მისი თქმით, ეს „საკმაოდ იაფი ნივთია“ და დაახლოებით 100 ათასი რუბლი ღირს. ტკაჩმა განმარტა, რომ მოწყობილობა პორტატულ ბრტყელ ეკრანად გარდაიქმნება, რომელიც პერანგის ან თხელი ქურთუკის ქვეშ იმალება და უსადენო ყურსასმენი უერთდება. სპეციალისტი იწყებს ხალხში მოძრაობას და ობიექტისკენ შებრუნებისას ესმის ხმა, რომელსაც შაჰიდის ქამრის ელექტრომაგნიტური ველი წარმოშობს, რომელიც, თავის მხრივ ქამარში არსებული დამაზიანებელი ელემენტების წყალობით იქმნება.
„არსებობს ერთადერთი შეზღუდვა: თუ ასაფეთქებელ მოწყობილობაში არ არის დამაზიანებელი ელემენტები, მოწყობილობა მას ვერ აღმოაჩენს. თუმცა სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ შაჰიდის ქამრები ძირითადად დამაზიანებელი ელემენტებითაა, რათა ტერაქტმა მაქსიმალური ზიანი გამოიწვიოს“, — განაცხადა ტკაჩმა და სინანულით აღნიშნა, რომ ჯერჯერობით შეკვეთები არ არის.