თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ოთხშაბათს ხელი მოაწერა ბრძანებულებას ქვეყანაში ტერორიზმთან ბრძოლის ახალი ორგანოს შექმნის შესახებ – უწყებათაშორისი კომისია საეჭვო კომპანიებისა და მოქალაქეების ანგარიშებს გაყინავს. ეს ზომა სახელმწიფოს მეთაურის ოპერატიული პასუხი გახდა რუსული ავიალაინერის A321–ის ტერაქტზე.
რისთვის არის ეს კომისია საჭირო, რატომ შეიქმნა ის ახლა და შეუძლია თუ არა მას მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა მსოფლიო ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაში, Sputnik–ის კორესპონდენტს სტრატეგიული შეფასებების დამოუკიდებელი ინსტიტუტის დირექტორმა, საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის საბჭოს წევრმა, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის სექტორის გამგემ სერგეი ოზნობიშჩევმა განუმარტა.
ეს საკითხი დიდი ხანია, მომწიფდა
ექსპერტის განცხადებით, მსგავსი კომისიის შექმნის საკითხი უკვე დიდი ხანია, მომწიფდა. მაგრამ, როგორც ჩანს, მნიშვნელოვანი იყო, რომ პრობლემა დამდგარიყო ყველაზე მაღალ დონეზე და სწორედ სახელმწიფოს მეთაურს მიექცია ამისთვის ყურადღება.
ოზნობიშჩევი დარწმუნებულია, რომ ფინანსური ნაკადების გადაკეტვა ტერორიზმთან დაპირისპირებაში უმნიშვნელოვანესი ფაქტორია და რუსული სპეცსამსახურები ამით იყვნენ, ან დიდი ხნის წინ უნდა ყოფილიყვნენ დაინტერესებული, ჯერ კიდევ ჩეჩნეთის ომის დროიდან. როგორც ექსპერტმა აღნიშნა, რუსეთში რამდენიმე ბანკი დაიხურა, რომლებსაც ბრალად ჩეჩენი ტერორისტებისთვის ფულის გათეთრება ბრალდებოდათ.
„სხვა საქმეა, როდესაც მთელი ეს ვითარება ასეთ ზოგადსახელმწიფოებრივ დონეზეა აყვანილი. და ეს სრულებით სწორია, რადგანაც ამ შემთხვევაში ეს უკვე არა უბრალოდ შიდარუსული, არამედ გლობალური უსაფრთხოების საკითხია“, – განმარტავს ოზნობიშჩევი.
სიტყვითა და საქმით
შემთხვევითი არაა, რომ კომისიის შექმნის შესახებ ბრძანებულება A321–ის ბორტზე ტერაქტის თაობაზე რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიციალური განცხადების მომდევნო დღეს გამოიცა. ეს, ექსპერტის განცხადებით, შეიძლება ასევე განვიხილოთ, როგორც რუსული მხარის განზრახვათა დემონსტრირება. ასე მკაფიო წარმოდგენა იქმნება იმაზე, რომ რუსეთში ტერორიზმთან ბრძოლის საკითხში სიტყვა და საქმე განუყოფელია.
ასეთი შთაბეჭდილება ადრეც იქმნებოდა. შეგახსენებთ, რომ რუსულმა თვითმფრინავებმა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციების დაბომბვა, პრაქტიკულად, რამდენიმე საათში დაიწყეს მას შემდეგ, რაც რუსეთის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა და აშშ–ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ტერორიზმის პრობლემებისა და ამ ბოროტებასთან ბრძოლის აუცილებლობაზე ისაუბრეს.
ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის სპეციალური კომისიის შექმნის შესახებ ბრძანებულება, პრაქტიკულად, G20–ის სამიტის შემდეგ გამოიცა. მაგრამ, ექსპერტის თქმით, ამაში კიდევ არის რაღაც საჩვენებელი ელემენტი.
„ჩვენ მთელს მსოფლიოს ვაჩვენებთ, როგორ ეფექტურად ვებრძვით ტერორიზმს. და სასურველია, რომ ეს საჩვენებელი ელემენტი უახლოეს თვეებში, რომელსაც ყველა ჩვენგანი შფოთვით ელის, რეალურად, საქმეში გამოჩნდეს“, — იმედოვნებს ოზნობიშჩევი.
ექსპერტის განცხადებით, საუბარი მხოლოდ იმაზე არ არის, რომ რაღაც ფინანსური ნაკადები გადაიკეტოს. მისი თქმით, მთავარია, რომ ქვეყანამ ეს თვეები და სასურველია, რომ წლებიც, მშვიდად, ტერაქტების გარეშე გადაიტანოს.
ცივილიზებული სამყარო ბარბაროსების წინააღმდეგ
ექსპერტი შენიშნავს, რომ ამის მიღწევა ამჟამინდელ პირობებში უკიდურესად რთული იქნება იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი გლობალურ ტერორისტულ საფრთხეს დაუპირისპირდა.
სახელმწიფო ანტიტერორისტული თავდაცვის სისტემაში ბზარებს ის ადამიანები დაუწყებენ ძებნას, რომელთაც, ფაქტობრივად, შეუზღუდავი ფინანსები გააჩნიათ, რომლებიც სრულიად ველური იდეებით არიან შეპყრობილი და საკუთარ სიცოცხლეს არ ინდობენ. ამ კომპონენტების ურთიერთშერწყმა უკიდურესად ფეთქებადსაშიშია“, — განმარტავს ექსპერტი.
როგორც ოზნობიშჩევი განმარტავს, ტერორისტები დღეს რუსეთისა და მთელი ცივილიზებული სამყაროს თავდაცვაში ხვრელებს ეძებენ. მისი თქმით, აუცილებლად უნდა გავიაზროთ, ვისთან გვაქვს საქმე: ცივილიზებულ სამყაროს ომი დღეს ანტიცივილიზაციამ გამოუცხადა, ბარბაროსებმა ომი გამოაცხადეს.
რა თქმა უნდა, არავინ ფიქრობს, რომ ბარბაროსებმა შეიძლება ცივილიზაციაზე გაიმარჯვონ: ამას არავინ დაუშვებს. მაგრამ მათ, ჩვენი ცხოვრების წესის შეცვლით, სამწუხაროდ, შეუძლიათ სერიოზული — როგორც რეალური, ისე მორალური ზიანი მიაყენონ ცივილიზაციას, შეაჯამა ექსპერტმა.
ოზნობიშჩევის განცხადებით, სწორედ ამაზეა საჭირო ფიქრი; და ყოველივე ამას გულისხმობს ის ბრძანებულებაც, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტმა სრულებით სწორად და ძალზე ოპერატიულად მოაწერა ხელი.
ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის უწყებათაშორისი კომისია შეაგროვებს მონაცემებს იმ მოქალაქეებსა და ორგანიზაციებზე, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან ტერორისტულ საქმიანობაში. კომისიას ინფორმაციას მიაწვდიან ხელისუფლების ორგანოები და საგამოძიებო კომიტეტი, მიმართავენ სხვა ქვეყნების კომპეტენტური ორგანოები. საეჭვო პირების ან კომპანიების შესახებ ცნობები, რუსეთის პრეზიდენტის რეკომენდაციით, შეუძლიათ ასევე მიიღონ პროკურატურის ორგანოებმა, ცენტრალურმა ბანკმა, ხელისუფლების რეგიონულმა ორგანოებმა და სახელმწიფო ორგანიზაციებმა.