თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. პარიზის გარეუბან სენ–დენიში პოლიციის მიერ ბლოკირებული ტერორიზმში ეჭვმიტანილთა ჯგუფი პარიზის საქმიან რაიონ დეფანსში ტერაქტს გეგმავდა.
„ეს ჯგუფი დეფანსის კვარტალზე აპირებდა დარტყმას“, — განუცხადა სააგენტო „როიტერს“ გამოძიებასთან დაახლოებულმა პირმა.
ოპერაცია გრძელდება
ოთხშაბათ დილით პოლიციის სპეცრაზმმა სენ–დენიში ოპერაცია დაიწყო. გარეუბნის ერთ–ერთ ბინაში 13 ნოემბრის ტერაქტების სავარაუდო მონაწილეები გამაგრდნენ. მედიის ინფორმაციით, ოპერაციის ერთ–ერთი უმთავრესი სამიზნე აბდელჰამიდ აბაუდი გახლავთ, რომელმაც პარიზის ტერაქტები დაგეგმა.
წინასწარი მონაცემებით, დაკავებულია შვიდი ეჭვმიტანილი, მათ შორის სამი ტერორისტი, თუმცა მათ შორის ტერაქტების ორგანიზატორი არ აღმოჩნდა.
სხვადასხვა მონაცემებით, მოკლულია ორი ან სამი ტერორისტი. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ–ერთი დამნაშავე მიიმალა, თუმცა შს მინისტრმა ბერნარ კაზნევმა ეს ინფორმაცია უარყო.
პოლიციელთა შორის არიან დაშავებულები
სპეცოპერაციის მსვლელობისას, რომელიც უკვე შვიდი საათია გრძელდება, ხუთი პოლიციელი მსუბუქად დაიჭრა, ტერორისტებმა მოკლეს პოლიციის ერთი ძაღლი, იუწყება რადიოსადგური RTL.
საინფორმაციო არხები ეთერში გადასცემენ კადრებს, რომლებშიც დაშავებული პოლიციელები ჩანან.
გაზეთ Parisien–ის ცნობით, ასევე მსუბუქადაა დაჭრილი ადგილობრივი მცხოვრები, რომელმაც სროლისას ფანჯარა გამოაღო.
თვითმხილველის ნაამბობი
სააგენტო Sputnik–ის კორესპონდენტის განცხადებით, რომელიც სპეცოპერაციის ადგილიდან 50 მეტრში ცხოვრობს, დილით აფეთქების ხმამ გააღვიძა: „გაისმა მეორე, ცოტა ხანში კი მესამე აფეთქების ხმა. მივხვდი, რომ რაღაც სერიოზული ხდებოდა. სამართალდამცავები კორბიიონის ქუჩაზე მდებარე შენობას შტურმით იღებდნენ, რომლის მესამე სართულისკენაც სნაიპერული შაშხანების ლაზერები იყო მიმართული“.
თვითმხილველის თქმით, ამას ბინიდან საპასუხო სროლები მოჰყვა. ორმხრივი სროლა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. რაღაც მომენტში ბინიდან დიდი აფეთქების ხმა გაისმა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს ტერორისტული დაჯგუფების წევრ ქალს აუფეთქებია თავი შაჰიდის ქამრის მეშვეობით.
საზოგადოებრივი უსაფრთხოება
ამჟამად გაჩერებულია მოძრაობა მეტროს რამდენიმე მეზობელ სადგურში, ტრამვაის რამდენიმე ხაზზე და ავტობუსების 20 მარშრუტზე.
ამას გარდა, გადაკეტილია სენ–დენისკენ მიმავალი ქუჩები. ხელისუფლება მოქალაქეებს ამ გარეუბნისგან მოშორებული მარშრუტებით მოძრაობას ურჩევს. დაკეტილია სკოლები და მაღაზიები.
პარიზში პარასკევს, 13 ნოემბერს ტერაქტების სერია განხორციელდა. უცნობმა პირებმა ერთ–ერთ რესტორანში ცეცხლი გახსნეს, მოაწყეს სამი აფეთქება სტადიონ „სტად დე ფრანსის“ მახლობლად, სადაც საფრანგეთისა და გერმანიის საფეხბურთო ნაკრებების ამხანაგური შეხვედრა მიმდინარეობდა და რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ესწრებოდა, ხოლო თეატრ „ბატაკლანში“როკ–კონცერტზე მძევლები აიყვანეს. ბოლო მონაცემებით, ტერაქტებს 129 ადამიანი ემსხვერპლა, დაახლოებით 300 – დაიჭრა.