თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. იმისათვის, რომ საქართველო არ გახდეს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებისთვის სატრანზიტო ქვეყანა, მთავრობა ყველა შესაძლო ზომას იღებს, — განაცხადა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე ლევან იზორიამ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში.
მიღებულია უსაფრთხოების ყველა ზომა, მათ შორის, გაძლიერებულია კონტროლი საზღვრებზე, აეროპორტებში და ასევე ყველა სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტზე.
„აღიკვეთა საქართველოში უცხოეთის მოქალაქეთა შემოსვლის ათობით შემთხვევა, მათ შორის, აფრიკისა და არაბეთის ქვეყნებიდან, რომლებიც ცდილობდნენ ტრანზიტით შემოსულიყვნენ საქართველოში, რათა მერე თურქეთში გადასულიყვნენ, იქიდან კი — სირიაში“, — განაცხადა იზორიამ.
მისი თქმით, ასეთ შემთხვევებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იყენებს პარტნიორი ქვეყნების მიერ მოწოდებულ ტერორისტების სიას, რომელშიც ათასამდე ადამიანი შედის.
„საუბარია არა მხოლოდ აქტიურ ტერორისტებზე, არამედ პოტენციურ ტერორისტებზეც… მარტო სომალიდან ასეთთა რაოდენობა 30–ს აჭარბებს“, — აღნიშნა მან.
იზორიამ განაცხადა, რომ გუშინ უწყების თანამშრომლებმა აზერბაიჯენელ კოლეგებს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრის დაკავებაში დახმარება აღმოუჩინეს.
„გუშინ აზერბაიჯანში, ქალაქ ბელაქანში, ჩვენს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, დააკავეს აზერბაიჯანის მოქალაქე, რომელიც საქართველოსთან საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდა, რათა მერე სირიაში გამგზავრებულიყო და იქ „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში ებრძოლა“, — თქვა იზორიამ.