თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან იზორიამ განაცხადა, რომ საქართველო ტერორიზმის მაღალი რისკის ქვეყნების ჯგუფში არ შედის.
„რაც შეეხება იმას, არის თუ არა საქართველო მაღალი რისკის კატეგორიის ქვეყნებში ტერორისტებისთვის, ეს ასე არ არის. მათი (ტერორისტების) ძირითადი სამიზნე არის ქვეყნები, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ საომარ მოქმედებებს ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ. თუმცა, ეს ჩვენ უწყებას, რომელიც უშუალოდ არის სახელმწიფო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი, მოდუნების უფლებას არ აძლევს“, — განაცხადა იზორიამ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში.
მისი განცხადებით, ქართული მხარე სერიოზულად აღიქვამს ყველა მუქარას, რომლებიც გამოქვეყნდა და კონკრეტულად საქართველოს ეხებოდა.
„ჩვენ მობილიზებას ვიჩენთ მაღალი ხარისხით და მაღალი პასუხისმგებლობით, რაც უკავშირდება რისკებისა და საფრთხეების თავიდან აცილებას“, — დასძინა იზორიამ.
პარიზში პარასკევს, 13 ნოემბერს ტერაქტების სერია განხორციელდა. უცნობმა პირებმა ერთ–ერთ რესტორანში ცეცხლი გახსნეს, მოაწყეს სამი აფეთქება სტადიონ „სტად დე ფრანსის“ მახლობლად, სადაც საფრანგეთისა და გერმანიის საფეხბურთო ნაკრებების ამხანაგური შეხვედრა მიმდინარეობდა და რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ესწრებოდა, ხოლო თეატრ „ბატაკლანში“როკ–კონცერტზე მძევლები აიყვანეს. ბოლო მონაცემებით, ტერაქტებს 129 ადამიანი ემსხვერპლა.