თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. ტელეკომპანია „რუსთავი 2"–ის დროებითმა მმართველებმა დავით დვალმა და რევაზ საყევარიშვილმა განაცხადეს, რომ უფლებამოსილებას ტელეკომპანიის გენერალური მდივნის პირველ მოადგილეს ზაალ უდუმაშვილს გადასცემენ.
დვალი და საყევარიშვილი საქალაქო სასამართლოს 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაინიშნენ ტელეკომპანიის დროებით მმართველებად, თუმცა, არხის უფლებამოსილებაშეჩერებული ხელმძღვანელობის პროტესტის გამო, ვერ შეძლეს შედგომოდნენ მოვალეობის შესრულებას.
„მე და ბატონმა რეზომ საკუთარი უფლებები ზაალ უდუმაშვილს გადავეცით… ეს დარეგისტრირებულია საჯარო რეესტრში“, — განაცხადა დვალმა ოთხშაბათს, 11 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.
დვალმა აღნიშნა, რომ უდუმაშვილს უკვე შეუძლია შეუდგეს მოვალეობის შესრულებას, რათა არხის ნორმალური ფუნქციონირება შესაძლებელი იყოს. მან ასევე განაცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ შეხვდა უდუმაშვილს და ესაუბრა ამ თემაზე. ამის პასუხად ზაალ უდუმაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ უარს ამბობს „რუსთავი 2"–ის მართვაზე.
„მე არ ვარ ფინანსისტი და ამ ვალდებულებას ვერ ავიღებ. ამას შესაბამისი გამოცდილება სჭირდება. მაინცდამაინც სამი დღით ადრე რომ მოუნდათ ჩემზე გადმოეკისრებინათ ვალდებულება, რაც კომპანიას აქვს გასასტუმრებელი, გასაგებია ეს რაზეც მიუთითებს. მათ სურთ კომპანია ჩიხში შეიყვანონ, თუმცა ამას ვერ მოესწრებიან. შესაბამისად, მე ამ ვალდებულებას ვერ ვიღებ, რადგან ეს უკანონოა“, — განაცხადა უდუმაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიმდინარე წლის 3 ნოემბერს გამოტანილი განჩინებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2"–ის წილის 60% მის ყოფილ მფლობელს, ქიბარ ხალვაშს გადაეცა, ხოლო დარჩენილი 40% — მის კომპანია შპს „პანორამას“.