თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების საკითხებზე იმსჯელეს, — ნათქვამია მთავრობის მეთაურის პრესსამსახურის მიერ გავრცელბულ განცხადებაში.
„ჩვენ ცოტა ხნის წინ შევხვდით ბაქოში, ახლა ვხვდებით საქართველოში და ამით მოხარული ვარ. ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია იმისა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და ჩვენ ერთობლივად განვახორციელებთ იმ პროექტებს, რომლებიც დაწყებული გვაქვს“, — განაცხადა შეხვედრაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
თავის მხრივ, ღარიბაშვილმა საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობები მრავალწლიანი თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითად დაასახელა.
საუბარი შეეხო ორი ქვეყნის საინვესტიციო ურთიერთობების განვითარების დინამიკას და აღინიშნა, რომ 2012-2015 წლების მონაცემებით, აზერბაიჯანის მიერ საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 3,7-ჯერ გაიზარდა.
2015 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ეკონომიკაში ჩადებული ინვესტიციების რაოდენობით აზერბაიჯანი პირველ ადგილზეა — 219 მლნ დოლარი, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 41,3%–ია.