თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები გიორგი მარგველაშვილი და ილჰამ ალიევი პარასკევს, 6 ნოემბერს მარნეულს ეწვივნენ და ეთნიკურ აზერბაიჯანელებს შეხვდნენ, — იუწყება საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური.
„მიხარია, როდესაც ვუყურებ აღმშენებლობას თქვენს რაიონში, რომელსაც ხელს უწყობენ ჩვენი აზერბაიჯანელი პარტნიორები. ძალიან სასიხარულოა ისიც, რომ ეს მხოლოდ ამ რაიონში არ ხდება. მიხარია, რომ ქართული ენის სწავლების საპრეზიდენტო პროგრამის მიმართ თქვენი მხრიდან მზარდი ინტერესია. ეს ძალიან მისასალმებელია“, — განაცხადა მარგველაშვილმა.
თავის მხრივ ილჰამ ალიევმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისათვის სახელმწიფო ენის ცოდნა აუცილებელია.
„თქვენი სრული ინტეგრაციისათვის აუცილებელია ქართული ენის კარგად ცოდნა. მე მიხარია რომ არა მარტო ბავშვები, არამედ უფროსებიც დადიან და სწავლობენ ენას. რა თქმა უნდა, თქვენ არ უნდა დაივიწყოთ აზერბაიჯანულიც. აზერბაიჯანი თქვენი სამშოლოა… მსურს,რომ კარგად ცხოვრობდეთ და რომ საქართველოში მაცხოვრებელი აზერბაიჯანელები აქტიურად იყვნენ ჩართულები ჩვენი ქვეყნების განვითარებაში“, — აღნიშნა ალიევმა.
მარნეულის მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტებმა სამაცივრე მეურნეობა დაათვალიერეს.
აზერბაიჯანის დელეგაცია პრეზიდენტ ალიევის ხელმძღვანელობით, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში 5 ნოემბერს ჩამოვიდა.