თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ურთიერთობამ არ უნდა მოახდინოს გავლენა პოლიტიკურ ვითარებაზე ქვეყანაში, — ნათქვამია პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებაში, რომელიც პარასკევს, 6 ნოემბერს გავრცელდა.
„დაუშვებელია, ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება წარიმართოს სააკაშვილ-ხალვაშის სცენარით. დაუშვებელია, მათი ერთობლივი თუ ერთმანეთის საწინააღმდეგო ქმედებების შედეგად მივიღოთ სახიფათოდ დასუსტებული და ავტორიტეტშელახული დემოკრატიული ინსტიტუტები“, — აღნიშნულია განცხადებაში.
პარლამენტის თავმჯდომარემ გააკრიტიკა საქალაქო და საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეები „რუსთავი 2"–ის საქმეზე გადაწყვეტილების „მალულად“ გამოტანის გამო.
„დაუშვებელია, გაგრძელდეს სასამართლოების ჩათრევა ბრძოლაში წესების გარეშე. დაუშვებელია, რაც არ უნდა დიად მიზნებს ემსახურებოდნენ, საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოების მოსამართლეები მალულად (დიახ, მალულად, და არა „ზეპირი მოსმენის გარეშე“) იღებდნენ ისეთ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს, რომლებმაც, შესაძლოა, ქვეყნის უახლოეს მომავალზე გადამწყვეტი გავლენა იქონიონ“, — განმარტა უსუფაშვილმა.
სააკაშვილსა და ხალვაშს თავიდანვე საეჭვო ურთიერთობები ჰქონდათ, რამაც გავლენა არ უნდა მოახდინოს საქართველოს მოსახლეობაზე, ხაზგასმით განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
„დაუშვებელია, ბატონ სააკაშვილს და ბატონ ხალვაშს მიეცეთ იმის საშუალება, რომ თავიანთი იმთავითვე საეჭვო ურთიერთობების, გარიგებების, გადაგდება-გადმოგდებების მოგვარების პროცესში ხალხი და ქვეყანა დააზარალონ“, — ნათქვამია დავით უსუფაშვილის განცხადებაში.
დასასრულს, პარლამენტის თავმჯდომარემ მოსამართლეებსა და საჯარო მოხელეებს მხოლოდ კანონზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების გამოტანისკენ მოუწოდა.