თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. ტელეკომპანიაში დროებითი მმართველების დანიშვნის გამო, ტელეარხ „რუსთავი 2“–ის ჟურნალისტები არ გათავისუფლდებიან სამსახურიდან, — განაცხადა ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა დღეს, 6 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.
ხუთშაბათს საღამოს ცნობილი გახდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანიაში დროებითი მმართველები დანიშნა. ესენი არიან: ტელეკომპანიის დამფუძნებელი დავით დვალი და Forbes Georgia–ს ყოფილი მთავარი რედაქტორი, ტელეკომპანია „იმედის“ ექს–დირექტორი რევაზ საყევარიშილი.
„თქვენ თუ ობიექტურობის მომხრე ხართ, თავისუფალია თქვენი ადგილი არხზე, იმუშავეთ და მიაწოდეთ საზოგადოებას ობიექტური ინფორმაცია. მეტი არაფერი მოხდება, არავის თქვენი თავი არ გაუთავისუფლებია. კეთილი ინებეთ, იშრომეთ როგორც გაგიხარდებათ და იყავით ბედნიერები, ვინ გიშლით?“, — ასე უპასუხა ქიბარ ხალვაშმა ჟურნალისტ თამარ ბაღაშვილს.
ტელეკომპანიის მმართველი გუნდის ცვლა გამოწვეულია იმის სურვილით, რომ „რუსთავი 2–ის“ ერთადერთ საქმიანობად სასამართლო განხილვების გაშუქება არ იქცეს, — აღნიშნა ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ.
„ჩვენ გვინდა, მინიმალიზება მოვახდინოთ ტელეკომპანიის ჟურნალისტების ჩართულობისა ამ დავაში. მათ სრული უფლება აქვთ, გააშუქონ პროცესი, მაგრამ არ გვინდა, „რუსთავი 2-ის“ ერთადერთ საქმიანობად იქცეს მხოლოდ ამ საქმის გაშუქება", — განაცხადა ადვოკატმა სალიამ.