თბილისი, 6 ნოემბერი – Sputnik. აშშ–ის დიპლომატიური წარმომადგენლობა საქართველოში ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის მართვასა და საკუთრებასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე შეშფოთებას გამოთქვამს, განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ.
"აშშ-ის საელჩო უაღრესად შეშფოთებულია "რუსთავი 2"-ის მართვასა და საკუთრებასთან დაკავშირებით შუაღამით განვითარებული მოვლენებით. სააპელაციო პროცესამდე არხის მმართველობის შეცვლის მცდელობას საფუძვლიანი პოლიტიკური შინაარსი აქვს. დემოკრატიულ საზოგადოებაში კრიტიკული აზრს ხელი უნდა შეეწყოს და არა — მიჩუმდეს“, — ნათქვამია იან კელის განცხადებაში, რომელიც აშშ-ის საელჩოს ოფიციალურ "ფეისბუქ" გვერდზე გავრცელდა.
იან კელი საქართველოს ხელისუფლებას მედიის თავისუფლებისა და პოლიტიკური პლურალიზმის პრინციპების დაცვისკენ მოუწოდებს.
„ამავე დროს, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავოს ძალადობისაგან და ხელი შეუწყოს დიალოგის გზით ვითარების მშვიდობიან მოგვარებას", — აცხადებს იან კელი.
ხუთშაბათს, 5 ნოემბრის ღამით ცნობილი გახდა, რომ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის დროებით მმართველებად ტელეკომპანიის დამფუძნებელი დავით დვალი და Forbes Georgia-ს ყოფილი რედაქტორი და ასევე ტელეარხ „იმედის“ ექსდირექტორი რევაზ საყევარიშვილი დაინიშნენ.
აღნიშნულ განცხადებას, რომელიც საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვმულმა სააგენტომ გამოაქვეყნა, წინ უძღოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 5 ნოემბრის გადაწყვეტილება 3 ნოემბერს გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ.
სასამართლოს 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ტელეარხ „რუსთავი 2"–ის წილის 60% ხალვაშს, ხოლო დარჩენილი 40% მის კუთვნილ კომპანია შპს „პანორამას“ უნდა გადაეცეს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მანამდე საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებელი აღსრულების მუხლის მოქმედება, ხალვაშმა შესაძლოა ვერ ისარგებლოს საქალაქო სასამართლოს დადგენილებით.