თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მენეჯმენტის უფლებამოსილების შეჩერებისა და დროებითი მმართველების დანიშვნის შესახებ ძალაში შევიდა, ნათქვამია საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ პარასკევს, 6 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში.
ხუთშაბათს, 5 ნოემბრის ღამით ცნობილი გახდა, რომ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის დროებით მმართველებად ტეკელომპანიის დამფუძნებელი დავით დვალი და Forbes Georgia-ს ყოფილი რედაქტორი და ასევე ტელეარხ „იმედის“ ექსდირექტორი რევაზ საყევარიშვილი დაინიშნენ.
„განჩინება, მისი სარეზულუციო ნაწილის მე-12 პუნქტის შესაბამისად, ექვემდებარებოდა დაუყოვნებლივ აღსრულებას. შესაბამისად, განჩინების მე-8 და მე-9 პუნქტების თანახმად, დროებითი მმართველის უფლებამოსილებები და ამავე განჩინებით დადგენილი შეზღუდვები აისახა სამეწარმეო რეესტრში“, — ნათქვამია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ პარასკევს გავრცელებულ განცხადებაში.
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, საქართველოს კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილი წესით აღასრულა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება.
განცხადებას წინ უძღოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 5 ნოემბრის გადაწყვეტილება 3 ნოემბერს გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ.
სასამართლოს 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ტელეარხ „რუსთავი 2"–ის წილის 60% ხალვაშს, ხოლო დარჩენილი 40% მის კუთვნილ კომპანია შპს „პანორამას“ უნდა გადაეცეს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მანამდე საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებელი აღსრულების მუხლის მოქმედება, ხალვაშმა შესაძლოა ვერ ისარგებლოს საქალაქო სასამართლოს დადგენილებით.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურ დაკვეთას და სიტყვის თავისუფლების დარღვევას უწოდებს.