თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. „რუსთავი 2“-ის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილება საქართველოს ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შედეგად იქნა მიღებული, წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშსა (60%) და მის კომპანიას — შპს „პანორამას“ (40%) ტელეკომპანიის წილები გადასცა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობა პოლიტიკურ დაკვეთასა და სიტყვის თავისუფლების დარღვევას უწოდებს.
„საქართველოში მიმდინარეობს პოსტ-საბჭოთა სივრცეში საუკეთესო ტელევიზიის "რუსთავი 2"-ის რეიდერული ხელში ჩაგდება, რაც რუსი ოლიგარქის მიერ შანტაჟის, უკანონო სპეცოპერაციებისა და სასამართლოთი მანიპულირების გზით ხორციელდება. თუ ივანიშვილი ყველაზე დიდ ქართულ ტელევიზიაში ფიზიკურად შესვლასაც შეძლებს, ეს იმ გეგმის გამარჯვებას ნიშნავს, რომელიც პუტინმა ვერ განახორციელა 2008 წელს სამხედრო გზით, — ბოლო მოუღოს ქართულ დემოკრატიას“, — წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
საქართველოს ექსპრეზიდენტი და ამ ეტაპზე ოდესის გუბერნატორი ასევე აღნიშნავს, რომ ეს ძალზე მნიშვნელოვანი გაფრთხილებაა უკრაინისათვისაც.
„ოლიგარქებმა, და განსაკუთრებით იმ ოლიგარქებმა, რომლებიც წარსულში მოსკოვთან იყვნენ დაკავშირებულნი, არ უნდა ჩაიგდონ ხელში მართვის ყველა ბერკეტი“, — განმარტავს სააკაშვილი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, 3 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ვერ აღსრულდება.