თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ტელეკომპანია „რუსთავი 2“ დაიბრუნა, მოსამართლე ურთმელიძის აღნიშნულ გადაწყვეტილებას საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დამარცხება უწოდა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, აღნიშნული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ვერ აღსრულდება და „რუსთავი 2“-ის იურისტებს საშუალება ექნებათ გაასაჩივრონ შემდგომ სასამართლო ინსტანციებში.
„სასამართლოზე მიშა სააკაშვილმა წააგო, რომელიც „რუსთავი 2“-ის მფლობელი აღარაა. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. დღევანდელი სასამართლო გადაწყვეტილება სამართლიანობის აღდგენის რეალური დასაწყისია“, — ნათქვამია სამშაბათს, 3 ნოემბერს გავრცელებულ ქიბარ ხალვაშის განცხადებაში.
ბიზნესმენის განცხადებით, მან აღნიშნული საქმე არა ზეწოლითა და დაშინებით, არამედ ცივილიზებული გზით მოიგო, ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს თუ როგორ განვითარდება პროცესები შემდგომ სასამართლო ინსტანციებში.
„ჩემი განადგურების მსურველმა ოდესის გუბერნატორმა (სააკაშვილი — რედ.) საკადრისი პასუხი მიიღო“, — წერს ხალვაში.
როგორც ბიზნესმენი აცხადებს, მომავალში მიხეილ სააკაშვილი „რუსთავი 2“-ის თამამშრომლებზე ზეწოლის განხორციელებას ვერ მოახერხებს.
„მე კიდევ ერთხელ მივმართავ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს. მე მესმის და ვხვდები თუ როგორი ტერორისა და ზეწოლის ქვეშ გიწევდათ მუშაობა მიხეილ სააკაშვილის მფლობელობის პერიოდში. ეს ტერორი დასრულდა! გარწმუნებთ და კიდევ ერთხელ გპირდებით, რომ არც ერთი პროფესიონალი ჟურნალისტი არხს არ დატოვებს“, — ნათქვამია ხალვაშის განცხადებაში.
3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშსა და მის კომპანიას — შპს „პანორამას“ ტელეკომპანიის წილები გადასცა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობა პოლიტიკურ დაკვეთასა და სიტყვის თავისუფლების დარღვევას უწოდებს.