თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან აქციის ორგანიზება და ხალხის მობილიზება ტელეკომპანიაზე დაგეგმილი თავდასხმის თავიდან აცილებისთვის იყო საჭირო, განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნუგზარ წიკლაურმა.
აღნიშნული კომენტარი დეპუტატმა უკრაინულ პორტალზე გავრცელებულ კიდევ ერთ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით გააკეთა, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უმცირესობის ერთ-ერთ წევრს, ნუგზარ წიკლაურს ხალხის მობილიზების შესახებ ესაუბრება.
„ჩვენ გვქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “ტიტუშკების” გარკვეული რაზმები აპირებდნენ თავდასხმას „რუსთავი 2“-ის შენობაზე და ამას აძლიერებდა ისიც, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე ათეული ოფისი იქნა დარბეული ირაკლი ღარიბაშვილის პირდაპირი ძალადობრივი მოწოდების შემდეგ“, — განაცხადა წიკლაურმა.
„რუსთავი 2“-ის დასაცავად ხალხის მობილიზება აუცილებელი იყო, აღნიშნა დეპუტატმა.
„ჩვენ გვჭირდებოდა ხალხის გარკვეული რაოდენობა, რომელიც დაიცავდა „რუსთავი 2“-ს და ამ “ტიტუშკებს” არ მისცემდა უფლებას, აეღოთ თავისუფალი ტელევიზია ხელში“, — განმარტა წიკლაურმა.
საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელიც ფიგურირებდა ბოლო დღეებში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებში, აცხადებენ, რომ აღნიშნული მასალების გავრცელება რუსული სპეცსამსახურებისა და საქართველოს ხელისუფლების ერთობლივ ინტერესებშია.
„რუსთავი 2“-ის სასამართლო პროცესებმა საზოგადოებაში რეზონანსი გამოიწვია. გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშსა და მის კომპანიას — შპს „პანორამას“ ტელეკომპანიის წილები გადასცა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობა პოლიტიკურ დაკვეთასა და სიტყვის თავისუფლების დარღვევას უწოდებს.