"რუსთავი 2"-ის გენდირექტორი სასამართლო გადაწყვეტილებას არასამართლიანს უწოდებს

გამოწერა
გვარამიამ მოსამართლე ურთმელიძე, რომელიც აღნიშნულ საქმეს იხილავდა, „რუსთავი 2“-სთვის სამართლიანი მართლმსაჯულების უფლების ჩამორთმევაში დაადანაშაულა.

თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. მიუხედავად თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 3 ნოემბერს გამოტანილი განაჩენისა, ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ვერ დაიბრუნებს, განაცხადა ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2 ნოემბერს დააკმაყოფილა „რუსთავი 2“-ის შუამდგომლობა და საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე შეაჩერა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მოქმედება, რომელიც განსაზღვრავს  პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების ერთ-ერთ საფუძველს.

 „აღნიშნული გადაწყვეტილება (საქალაქო სასამართლოს — რედ.) საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე,  ტელეკომპანიისთვის არაფერს ცვლის…ურთმელიძის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას არც სამართლებრივი და არც პრაქტიკული ღირებულება არ გააჩნია. ამ გადაწყვეტილებით ხალვაში ტელეკომპანიაში შემოსვლას ვერ შეძლებს“, — აღნიშნა გვარამიამ.

რუსთავი 2-ის მომხრეები ტელეკომპანიასთან შეიკრიბნენ - Sputnik საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“ მის ყოფილ მფლობელს დაუბრუნა.

ამასთან, გვარამიამ მოსამართლე ურთმელიძე „რუსთავი 2“-სთვის სამართლიანი მართლმსაჯულების უფლების ჩამორთმევაში დაადანაშაულა.

„დღეს საქალაქო პალატა (საქალაქო სასამართლო) ბოლომდე დეგრადირებული და კორუმპირებულია და ამის გაკეთება ერთმა მოსამართლემ შეძლო“, — განმარტა ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ თამაზ ურთმელიძის თავმჯდომარეობით, სამშაბათს, 3 ნოემბერს 2005 წლის დეკემბერსა და 2006 წლის ნოემბერში ქიბარ ხალვაშის მიერ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გასხვისების ხელშეკრულებების ანულირება მოახდინა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის  60% ქიბარ ხალვაშს გადაეცემა, ხოლო დანარჩენი 40% — მის კომპანიას შპს „პანორამას“. 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, აღნიშნული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ვერ აღსრულდებადა „რუსთავი 2"-ის იურისტებს საშუალება ექნებათ გაასაჩივრონ პირველი ინსტანციის სასამართლოში. 


ყველა ახალი ამბავი
0