საქართველოდან ღვინის ექსპორტი 43%-ით შემცირდა

გამოწერა
ექსპორტის მკვეთრი კლება რუსეთსა (-54%) და უკრაინაში (-61%) შექმნილმა პოლიტიკურ-ეკონომიკურმა ვითარებამ განაპირობა.

თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. ქართული ღვინის ექსპორტი 2015 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 43%-ით შემცირდა, იუწყება საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო.

საანგარიშო პერიოდში მსოფლიოს 42 ქვეყანაში ექსპორტირებულია დაახლოებით 28,1 მლნ ბოთლი (0,75 ლიტრი მოცულობის) — 77,2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ქართული ღვინო.

რთველი - Sputnik საქართველო
კახეთში რთველი ფაქტობრივად დასრულდა

„რეგიონში არსებული ცნობილი პოლიტიკურ-ეკონომიკური მოვლენების გამო, 2 უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყანაში — რუსეთსა (-54%) და უკრაინაში (-61%) ექსპორტის მკვეთრმა კლებამ, გავლენა იქონია 2015 წლის 10 თვის ექსპორტის საერთო მაჩვენებელზე, რომელიც 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირებულია“, – აღნიშნულია საქართველოს ღვინის ეროვნული სააგანეტოს განცხადებაში. 

ამავე დროს, საანგარიშო პერიოდის მონაცემებით, ექსპორტმა იმატა ისეთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბაზარზე, როგორიცაა ჩინეთი — 87%, სადაც ექსპორტირებულია 1,8 მლნ ბოთლზე მეტი. ჩინეთი ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში მეოთხე ადგილს იკავებს რუსეთის, ყაზახეთისა და უკრაინის შემდეგ.

ექსპორტი ზრდა ასევე ფიქსირდება მთელ რიგ ქვეყნებში: პოლონეთი 2%, ლატვია — 3%, ესტონეთი — 35%, გერმანია — 14%, ნიდერლანდები — 88%, საფრანგეთი — 104%,  აშშ — 26%, იაპონია — 19%, კანადა — 66%,  ისრაელი — 212%, კორეა — 37% და სხვა.

1 იანვრიდან 1 ლიტრ სასმელზე, ნაცვლად 9,2 ლარისა, აქციზის გადასახადი 6 ლარი გახდება. - Sputnik საქართველო
ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის გადასახადის შემცირება მეწარმეების წაახალისებს

მიუხედავად ამისა, რუსეთი, რომელზეც ქართული ღვინის ექსპორტის 14 660 981 ბოთლი ღვინო მოდის, კვლავ ძირითად საექსპორტო ბაზრად რჩება. მას მოსდევს ყაზახეთი (4 004 586), უკრაინა (2 569 249), ჩინეთი (1 807 955) და პოლონეთი (1 260 870).

ღვინის სააგენტოს მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში 17 ქვეყანაში ექსპორტირებულია 5,450 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რომლის ღირებულებაც 14,2 მლნ აშშ დოლარს აღწევს. 

გარდა ამისა, 10 თვის განმავლობაში მსოფლიოს 20 ქვეყანაში ექსპორტირებულია ასევე 104 580 ბოთლი (0,5 ლ)  ჭაჭა (403 ათასი აშშ დოლარი).

მთლიანობაში ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა იანვარ-ოქტომბრის მდგომარეობით 115, 6 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0