თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და ჩინეთის კულტურის მინისტრმა ლო შუგანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას 2016-2019 წლებში ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ, იუწყება კულტურისა და ძეგლთა დაცვლის სამისისტროს პრესსამსახური ოთხშაბათს, 4 ნოემბერს.
შეთანხმება გულისხმობს საქართველოში ჩინეთის, ხოლო ჩინეთში საქართველოს კულტურის ცენტრების შექმნას, ასევე ერთობლივი სახელოვნებო ფესტივალების ორგანიზებას; გამოფენა-ბაზრობების, მათ შორის, ეროვნული რეწვის სავაჭრო ბაზრობების მოწყობას.
გარდა ამისა, შეთანხმება ითვალისწინებს კულტურული მემკვიდრეობის დარგში გამოცდილების გაზიარებასა და მუზეუმებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას; კულტურის სფეროში მოღვაწე სხვა ინსტიტუტებს შორის პირდაპირი კავშირების ხელშეწყობასა და სხვა.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, რომელიც ჩინეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, შეხვედრები გამართა ჩინეთის კულტურული მემკვიდრეობის სახელმწიფო ადმინისტრაციისა და ჩინეთის ნაციონალური მუზეუმის წარმომადგენლებთან.
პეკინში მიხეილ გიორგაძე ჩინეთის კულტურის სფეროს, ასევე ქართული დიასპორის წარმომადგენლებსა და და ქართველ სტუდენტებს შეხვდა.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ოფიციალური ვიზიტი გაგრძელდება ქ. შანხაიში, სადაც იგეგმება ადგილობრივ ხელისუფლებისა და კულტურასთან დაკავშირებულ ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებთან ოფიციალური შეხვედრები.