თბილისი. 2 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ აჭარაში ციტრუსების მოსავლის აღების ორგანიზებულად წარმართვის მიზნით საკოორდინაციო შტაბი გახსნა და რეგიონში მოქმედი ციტრუსების მიმღებ გადამამუშავებელი საწარმოები დაათვალიერა, ამის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო იტყობინება.
სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, 2015 წელს მანდარინის (არასტანდარტული) სამრეწველო გადამუშავებაზე სუბსიდიების გაცემა განხორციელდება, ხოლო მანდარინის რეალიზების მხარდაჭერის პროგრამის ბიუჯეტი 2 მლნ ლარს (833 ათას აშშ დოლარზე მეტი) შეადგენს.
კომპანიები, რომლებიც 1 კგ სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილ მანდარინს არანაკლებ 0.20 ლარად შეისყიდიან, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსგან 1 კგ მანდარინზე 0,10 ლარის ოდენობის სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ.
სახელმწიფო პროგრამა 2016 წლის 1 თებერვლამდე გაგრძელდება. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ მთავრობის მხარდაჭერით, სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის რეალიზების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის განხორციელება 2014 წელს დაიწყო.
სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, წელს მოსავალი, გასულ წელთან შედარებით, გაცილებით მეტი იქნება – სავარაუდოდ 100 ათას ტონაზე მეტი.
„მიმდინარე წელს მოსავალი მეტია, ვიდრე გასულ წელს. მოუხედავად ამისა, იმედი გვაქვს რომ ციტრუსების სეზონი წარმატებული იქნება. მოსახლეობას ციტრუსების რეალიზაციისა და გადამუშავებისათვის ჩაბარების პრობლემები არ შეექმნება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქტიური მუშაობის შედეგად, შესაძლებელი გახდა ექსპორტიორი კომპანიების, მარშრუტებისა და გადაზიდვების რიცხვის გაზრდა. გაცილებით შემცირდა სატრანსპორტო ტარიფები. ექსპერტებს შეუძლიათ შეღავათიანი აგრიკრედიტით ისარგებლონ, რომლის მიღება სახელმწიფოსაგან 50%-იანი გარანტიით შეუძლიათ“, — განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ.
„ქართული ციტრუსზე მოთხოვნა უკვე არის უკრაინის, რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ბაზრებზე. ოპერატიული მონაცემებით, სავარაუდოდ, ექსპორტზე 35 000 ტონამდე ციტრუსი გავა“, – განაცხადა დანელიამ.
სეზონის მიმდინარეობისას იმუშავებს ციტრუსის შეფუთვის 30–მდე საწარმო, სადაც პროდუქციას პლასტმასისა და ხის ყუთებში მოათავსებენ და ექსპორტისთვის გაამზადებენ.
ამ სეზონზე ასევე იგეგმება ციტრუსის პარაფინირების რამდენიმე საწარმოს გახსნა. ამ სახით ციტრუსის დამუშავება პროდუქტის მინიმუმ ერთი თვით შენახვის საშუალებას იძლევა.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2014 წელს წარმოებული იყო 76,2 ათასი ტონა ციტრუსი, რაც 2013 წელთან შედარებით (110,4 ათასი) 31%–ით ნაკლებია.