თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ დღევანდელ სხდომაზე „რუსთავი 2"–ის ადვოკატების შუამდგომლობა ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილისა და ასევე ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის დაკითხვის თაობაზე, არ დააკმაყოფილა.
„საქმეში არ არსებობს ბიძინა ივანიშვილის „რუსთავი 2"–თან კავშირის დამადასტურებელი მასალები… რაც შეეხება ირაკლი ოქრუაშვილს, მისი დაკითხვის შუამდგომლობა საპაექრო სიტყვისას დააყენეს. სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 226–ე მუხლის საფუძველზე, არ აკმაყოფილებს მხარის მოთხოვნას. საქმის განხილვა უკვე დასრულებულია. შუამდგომლობა არ კმაყოფილდება“, — განაცხადა მოსამართლე ურთმელიძემ.
„რუსთავი 2"–ის ადვოკატებმა ბიძინა ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა ექსპრემიერის ერთ–ერთი ინტერვიუს ჩანაწერის საფუძველზე დააყენეს. ირაკლი ოქრუაშვილის დაკითხვის აუცილებლობას კი იურისტებმა თავდაცვის მინისტრის ის განცხადება დაუდეს საფუძვლად, რომელშიც ის ამბობს, რომ თავად მისცა ქიბარ ხალვაშს ფული „რუსთავი 2"–ის წილის შესაძენად.
ქიბარ ხალვაშის ადვოკატის, პაატა სალიას თქმით, აღნიშნული შუამდგომლობა უსაფუძვლოა და კომიკური: შუამდგომლობის დაყენების დოკუმენტი არასწორადაა შევსებული, მასში არ არის მითითებული ივანიშვილის პირადი ნომერი და საცხოვრებელი მისამართი.
სასამართლოს ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება დააკმაყოფილებს თუ არა ბიზნესმენ ხალვაშის შუამდგომლობას, რომლითაც ის ტელეკომპანიისგან 8 მლნ აშშ დოლარს მოითხოვს. ტელეკომპანიაში მიაჩნიათ, რომ ეს ყველაფერი მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ ინიციატივაა, რომელიც „რუსთავი 2"–ის აზრით, ამას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე არხის დახურვის მიზნით აკეთებს.