თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. ტელეკომპანია „რუსთავი 2“ არ გეგმავდა ხელისუფლების შეცვლას რევოლუციის გზით, — განაცხადა ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დღეს, 30 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე.
გუშინ უკრაინულ ინტერნეტპორტალზე გამოქვეყნდა ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო საუბრების აუდიოჩანაწერები „რუსთავი 2"–ის გენერალურ დირექტორთან, ნიკა გვარამიასთან და უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივანთან, გიგა ბოკერიასთან, რომელშიც ტელეარხთან დაკავშირებულ სიტუაციაში ძალისმიერი ჩარევის აუცილებლობაზეა საუბარი, რასაც სახელმწიფო გადატრიალება უნდა მოჰყვეს.
„ჩვენ ვუსმენთ ყველას, მაგრამ ვიქცევით ისე, როგორც ვთვლით საჭიროდ. ხელისუფლებას ვერ გავაცნობთ ჩვენ გეგმას. ის ჩვენი მოწინააღმდეგეა. არც აწმყოში და არც მომავალში "რუსთავი 2" არ ფიქრობს რევოლუციურ სცენარზე, მთავრობის შეცვლაზე. ეს არ არის ჩვენი კომპეტენცია და ჩვენი ინტერესი“, —განაცხადა გვარამიამ.
პოლიტიკური პარტიების ინტერესები მეორეხარისხოვანია. „რუსთავი 2"–სთვის მნიშვნელოვანია „თავისუფლად მაუწყებლობა და პროცესების იმგვარად გაშუქება, როგორც ჩვენ მივიჩნევთ სწორად და საჭიროდ“, — დაამატა გვარამიამ.
არხის გენერალურმა დირექტორმა მოუწოდა „რუსთავი 2"–ის მომხრეებს, აღარ გამართონ ტალეარხის მხარდამჭერი აქციები, რათა ქვეყანაში სიტუაცია კიდევ მეტად არ დაიძაბოს.
„არ მოვუწოდებთ არავის, რომ შეიკრიბოს და დაგვიცვას. თუ დასაცავი გახდა კომპანია, ამას გავაკეთებთ ჩვენი ძალებით… ჩვენ დავიცავთ სიტყვის თავისუფლებას და მთავრობამ კეთილი ინებოს და დაიცვას მშვიდობა ქვეყანაში ყველა ხელმისაწვდომი საშუალებით. ჩვენ ამაში მხოლოდ ხელს შევუწყობთ მას და ყველაფერს გავაკეთებთ, რაც მშვიდობისკენ გადაგმული ნაბიჯია. მოვუწოდებთ ყველა ჩვენს მომხრეს, აღარ შეიკრიბონ, რითაც მოვხსნით დაძაბულობას ქვეყანაში“, — განაცხადა გვარამიამ.
არხის თანამშრომლებს არ შეუძლიათ აქციის მონაწილეთა დაცვა მათ რიგებში პროვოკატორების გამოჩენის შემთხვევაში.
„ჩვენ დღეიდან ვიღებთ შემდეგ გადაწყვეტილებას. ჩვენ თვითონ დავიცავთ კომპანიას ბოლომდე. ჩვენ ვიხსნით პასუხისმგებლობას ჩვენს დასაცავად მოსული ადამიანების უსაფრთხოებაზე. ჩვენ არ გვაქვს ამის კომპეტენცია.
ვერავის ვერ მივცემთ გარანტიას, რომ ვინმე არ იქნება პროვოკატორი და არ მოინდომებს პროცესების ისე წარმართვს, როგორც რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, ან რაც კიდევ უფრო საეჭვოა, ხელისუფლებას სურს“, — აღნიშნა არხის გენერალურმა დირექტორმა.
„თუ უნდა ისროლონ ტყვია, გვესროლონ ჩვენ“, — განაცხადა ნიკა გვარამიამ.