თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. უკრაინული მედიის მიერ გამოქვეყნებულ სატელეფონო ჩანაწერთან დაკავშირებით, რომელშიც საქართველოს ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ტელეკომპანია „რუსთავი 2"–ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის შესაძლებლობაზე საუბრობენ, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა კიევს თანამშრომლობა სთხოვა.
სააკაშვილი ამ დროისათვის უკრაინის ოდესის ოლქის გუბერნატორი გახლავთ.
ერთ–ერთმა უკრაინულმა საიტმა გაავრცელა მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო საუბრების აუდიოჩანაწერი ნიკა გვარამიასთან და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთ ლიდერ გიგა ბოკერიასთან. საუბრისას სააკაშვილი მათ აძლევდა რჩევებს ტელეკომპანიის დაცვასთან დაკავშირებით. კერძოდ, საუბარი იყო ბოევიკებზე, ბარიკადების აღმართვასა და კარვების გაშლაზე, რაც რევოლუციაში გადაიზრდებოდა. გვარამიამ დაადასტურა სააკაშვილთან აუდიოჩანაწერის ავთენტურობა.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკვე მიმართა უკრაინის შესაბამის უწყებებს სამართლებრივი დახმარებისთვის, შესაბამისი ინფორმაციის მოპოვების მიზნით“, — განაცხადა სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე ლევან იზორიამ.
მან საზოგადოებას შეახსენა, რომ მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს უკვე დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად.
„მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ასევე მოხდება მედიით გავრცელებული ჩანაწერების წარმომავლობისა და ავთენტურობის დადგენა, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, დაიკითხება ყველა შესაბამისი პირი, როგორც აღნიშნული ჩანაწერების, ისე ჩვენს ხელთ არსებული ოპერატიული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით“, — დაამატა იზორიამ.
გიგა ბოკერია უკვე დაბარებულია დაკითხვაზე საქართველოს კონტრდაზვევრვის სამსახურში.