თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. ქართველმა ხალხმა, ისევე როგორც უკრაინელმა ხალხმა, სიტყვის თავისუფლება საქართველოში ფიზიკურად უნდა დაიცვას, განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
გუშინ, უკრაინულმა პორტალმა მიხეილ სააკაშვილისა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიასთან და ასევე უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივან გიგა ბოკერიასთან საუბრების აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც ტელეკომპანიის ირგვლივ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ძალისმიერი ჩარევის აუცილებლობაზეა ლაპარაკი.
„სიტყვის თავისუფლების ბოლო ციხესიმაგრის დაცვა საქართველოს არსებობისთვის ბრძოლას უდრის. ნურავის გაუკვირდება, თუ მე ამ ბრძოლისკენ მოვუწოდებ ყველას, ვისაც ამის ძალა და შესაძლებლობა აქვს“, – აღნიშნა სააკაშვილმა.
ექს–პრეზიდენტის აზრით, აუცილებლობის შემთხვევაში, ქართველი ხალხი მზად უნდა იყოს სიტყვის თავისუფლების ფიზიკურად დასაცავად.
„როცა დემოკრატიას კლავენ, მას ფიზიკური დაცვა სჭირდება – ამას გვასწავლის ევროპული დემოკრატიის ისტორია. სწორედ ასე, მშვიდობიანი დაპირისპირებით დაიცვა უკრაინელმა ხალხმა თავისი თავისუფლება უხეში ძალისგან“, – განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილის აზრით, საქართველოს მოქმედი მთავრობა ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, უკრაინის ექს–პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის მოდელით მოქმედებს.
„მან (ივანიშვილი) უკვე ყველა დაარწმუნა, რომ ყველაფერზეა წამსვლელი. ბოლო განცხადებების ფონზე მზად უნდა ვიყოთ იმისთვისაც, რომ ამ პროვინციელ დიქტატორს თავისი ხალხის სროლისაც არ შერცხვება“, – აღნიშნა სააკაშვილმა.
სააკაშვილი ივანიშვილს იანუკოვიჩის ბედს უწინასწარმეტყველებს, თუ ქართველი ხალხი თავისი ღირსების დასაცავად დადგება.
„ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევუვარდეთ არავის და არავინ უნდა დავამხოთ, მაგრამ თუ ძალადობრივი ხელისუფლებისგან დაცვა გახდება აუცილებელი, ამისთვის მზად უნდა ვიყოთ და სიტყვის თავისუფლების უხეში ძალით მოკვლის საშუალება არ უნდა მივცეთ“, – დაასკვნა სააკაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც „რუსთავი2“–ის ყოფილი მფლობელის ქიბარ ხალვაშის შუამდგომლობით მიიღეს, ტელეარხის ქონება და მისი მფლობელების წილები დაყადაღებულია, ტელეკომპანიის ფინანსური საქმიანობა ნაწილობრივ შეზღუდულია. ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა „რუსთავი2“–ის გარშემო არსებულ ვითარებას პოლიტიკურ დაკვეთას და სიტყვის თავისუფლების დარღვევას უწოდებს.