თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებს ქვეყანაში არსებულ ვითარებას, — განაცხადა ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 30 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე.
მდგომარეობა საქართველოში ტელეკომპანია „რუსთავი 2"–თან დაკავშირებული სასამართლო პროცესის გამო დაიძაბა. ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც ექს–პრეზიდენტ სააკაშვილის „რუსთავი 2"–ის გენერალურ დირექტორთან, ნიკა გვარამიასთან და უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივანთან, გიგა ბოკერიასთან სატელეფონო საუბრების ჩანაწერები გავრცელდა. ჩანაწერებში საუბარია ტელეარხთან დაკავშირებულ სიტუაციაში ძალისმიერი ჩარევის აუცილებლობაზე.
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ შეხვედრები გამართა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებთან, რომლებიც დღედაღამ მუშაობენ ქვეყანაში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
„ჩვენ სრულად ვაკონტროლებთ სიტუაციას“, — თქვა პრემიერმა.
მანამდე ზოგიერთმა უკრაინულმა გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია 22 ოქტომბერს სტამბოლის აეროპორტში ოდესის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას შეხვედრის შესახებ, სადაც, თითქოსდა, უახლოეს დღეებში, „რუსთავი 2"-ის მხარდამჭერი აქციის მსვლელობისას, საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების გეგმები განიხილეს.
24 ოქტომბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, იწყებს ხელისუფლების დამხობისა და მისი მიტაცების საქმის გამოძიებას.