თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. დაუშვებელია უცხო ქვეყნის მაღალჩინოსანი ერეოდეს ქვეყნის შიდა პოლიტიკაში და გეგმავდეს რაიმე ტიპის არეულობას, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარასკევს, 30 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე.
გუშინ, უკრაინულმა პორტალმა მიხეილ სააკაშვილისა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიასთან და ასევე უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივან გიგა ბოკერიასთან საუბრების აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც ტელეკომპანიის ირგვლივ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ძალისმიერი ჩარევის აუცილებლობაზეა ლაპარაკი, რომლის შემდეგაც სახელმწიფო გადატრიალება დაიწყება.
„არაერთხელ მითქვამს და სამწუხაროდ, მიწევს გავიმეორო, რომ დაუშვებელია უცხო ქვეყნის მაღალჩინოსანი ერეოდეს ქვეყნის შიდა პოლიტიკაში და გეგმავდეს რაიმე ტიპის არეულობას“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტმა შეახსენა პოლიტიკოსებს, რომ ადამიანი – მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა უზენაესი ღირებულებაა და ამით თამაში დაუშვებელია.
„მინდა ყველას შეგახსენოთ და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ქართველი ხალხის მიღწევაა არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლა და ეს კურსი შეუქცევადია! რევოლუციური სცენარების ეპოქა საქართველოში დასრულებულია, ხოლო ის, ვინც ამ გზით გეგმავს პროცესებს, მთლიანად მოწყვეტილია საზოგადოებასა და პოლიტიკურ რეალობას“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ვრჩები კონსტიტუციური წესრიგის, ადამიანის უფლებებისა და მედიის დამოუკიდებლობის გარანტად, დასძინა მარგველაშვილმა.
მანამდე უკრაინის ზოგიერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 22 ოქტომბერს სტამბოლის აეროპორტში ერთმანეთს შეხვდნენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიგა ბოკერია, რომლებიც თითქოს საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების გეგმებზე მსჯელობდნენ ტელეკომპანია „რუსთავი 2"–ის მხარდამჭერი აქციის პერიოდში.
გასულ შაბათს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაციის საფუძველზე, სახელმწიფო გადატრიალების მიზნით შეთქმულების საქმის გამოძიება დაიწყება.