თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მიაჩნია, რომ მისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა რუსეთიდანაა დაკვეთილი.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარასკევს, 30 ოქტომბერს განაცხადა, რომ უწყება ექსპრეზიდენტ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭების საფუძველზე საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის პროცედურას იწყებს.
"დღეს მან (ივანიშვილმა)გამოაცხადა, რომ ასრულებს ერთ-ერთ რუსულ დაკვეთას და მე მიხურავს გზას საქართველოს არჩევნებისკენ, იმიტომ, რომ უნდა ჩამომართვას საქართველოს მოქალაქეობა. მას შემდეგ, რაც იძულებით დამატოვებინეს ქვეყანა“, — აცხადებს სააკაშვილი ფეისბუქით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
ექსპრეზიდენტის თქმით, „რუსთავი 2“ არის ერთადერთი შემაკავებელი ფაქტორი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს რუსული დაკვეთის შესრულებაში ხელს უშლის.
„ამ პირობებში „რუსთავი 2“ არის ბოლო ბარიერი, რომელიც მას აკავებს იმიტომ, რომ სანამ საქართველოში არის სიტყვის თავისუფლება, ყველა ეს შავბნელი გეგმა ბოლომდე წარმატებული ვერ იქნება. ამიტომ „რუსთავი 2"–ის დაცვა ძალადობისგან, მათ შორის ფიზიკურად, ადამიანების მიერ დაცვა ძალადობისგან, ეს არის პირდაპირი გზა საქართველოს დემოკრატიის, თავისუფლებისა და მომავლის გადარჩენის“, — განმარტა მან.
ექსპრეზიდენტმა ტელეარხთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესს ბლეფი უწოდა და ხალხს კონსოლიდაციისკენ მოუწოდა.