თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. სააკაშვილის სატელეფონო საუბარი მოწმობს, რომ ის საქართველოს ხელისუფლების ხელში ჩაგდებას გეგმავდა, განაცხადა მანანა კობახიძემ პარასკევს, 30 ოქტომბერს.
გუშინ, უკრაინულმა პორტალმა მიხეილ სააკაშვილისა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიასთან და ასევე უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივან გიგა ბოკერიასთან საუბრების აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც ტელეკომპანიის ირგვლივ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ძალისმიერი ჩარევის აუცილებლობაზეა ლაპარაკი.
„ახლა მთავარი ის სულ არ არის, ვინ და სად გამოაქვეყნა ეს ჩანაწერი, მთავარი ამ ადამიანთმოძულეების საუბრის შინაარსია, დიახ, პირველკურსელი, ოროსანი იურისტი მიხვდება, რომ ეს დანაშაულის მომზადებაა, დაგეგმვაა, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის, კონსტიტუციური წყობის დამხობის, სისხლისღვრის, მასობრივი არეულობის და ერთადერთი მიზნით- ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად და მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ქვეყანა ისევ ჯიჯგნონ, ადამიანების ღირსება გათელონ, ისევ იძალადონ, ქვეყანა საბოლოოდ დაშალონ!“, – განაცხადა კობახიძემ.
მანამდე უკრაინის ზოგიერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 22 ოქტომბერს სტამბოლის აეროპორტში ერთმანეთს შეხვდნენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიგა ბოკერია, რომლებიც თითქოს საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების გეგმებზე მსჯელობდნენ ტელეკომპანია „რუსთავი 2"–ის მხარდამჭერი აქციის პერიოდში.
გასულ შაბათს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაციის საფუძველზე, სახელმწიფო გადატრიალების მიზნით შეთქმულების საქმის გამოძიება დაიწყება.