თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსული სპეცსამსახურები ფარულ სატელეფონო მოსმენებში დაადანაშაულა.
გუშინ, უკრაინულმა პორტალმა მიხეილ სააკაშვილისა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიასთან და ასევე უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივან გიგა ბოკერიასთან საუბრების აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც ტელეკომპანიის ირგვლივ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ძალისმიერი ჩარევის აუცილებლობაზეა ლაპარაკი.
„სატელეფონო საუბრები იწერება, შემდეგ პუტინის სპეცსამსახურები ამას ნაწილებად ამუშავებენ და სწორედ ასეთი ფორმით ხდება მისი გავრცელება რუსულ ვებგვერდებზე. ეს აშკარად მორიგი სპეცოპერაციის ხასიათს ატარებს“, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
სააკაშვილის აზრით, ქართველ ხალხს რუსული პროვოკაციების არ სჯერა.
„მე უფრო სხვა რამ მაწუხებს – ქვეყანას გვართმევენ და ზოგიერთი „ლიბერალი“ ჩემ მიმართ თავისი პირადი კომპლექსების გამო ყველაფრის მსხვერპლად გაღებისთვის მზად არის. ასე მოხდა 2012 წელს, და ამ გზას ადგანან ახლაც. საბედნიეროდ, ჩვენმა ხალხმა საკმარისი გამოცდილება მიიღო და რუსებისა და მათი ადგილობრივი რეზიდენტების გადაგდებულ ანკესს ასე ადვილად არ წამოეგება“, – აღნიშნა სააკაშვილმა.
ექს–პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ მიუხედავად შანტაჟისა და მუქარისა, ქართველი ხალხი დაიცავს თავისუფლებას და არა მხოლოდ ტელევიზიას, არამედ ქვეყნის დამოუკიდებლობას, რამდენადაც დღეს ეს ერთი და იგივეა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც „რუსთავი 2“–ის ყოფილი მფლობელის ქიბარ ხალვაშის შუამდგომლობით მიიღეს, ტელეარხის ქონება და მისი მფლობელების წილები დაყადაღებულია, ტელეკომპანიის ფინანსური საქმიანობა ნაწილობრივ შეზღუდულია. ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა „რუსთავი2“–ის გარშემო არსებულ ვითარებას პოლიტიკურ დაკვეთას და სიტყვის თავისუფლების დარღვევას უწოდებს.