თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი საპროკურორო საბჭოს შემადგენლობაში საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის შეყვანის წინააღმდეგია.
კანონში „პროკურატურის შესახებ“ შესწორებების თანახმად, რომელიც 2015 წლის სექტემბერში ამოქმედდა, საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარე იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იქნება. ამჟამად საბჭოში 15–ის ნაცვლად 14 წევრია — რვა პროკურორი, ორი მოსამართლე, ერთი დეპუტატი უმრავლესობიდან, არასამთავრობო
ორგანიზაციის ორი წარმომადგენელი და მინისტრი. საბჭოში თავისი კანდიდატის წარდგენაზე ოპოზიციამ უარი განაცხადა.
„სასურველი იყო, ეს პროცესი მაქსიმალურად აპოლიტიკური ყოფილიყო. ის, რომ პროკურორების რაოდენობა გაცილებით ცოტა ყოფილიყო ამ საბჭოში, ის, რომ იუსტიციის მინისტრი არ უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი ამ საბჭოში, მაქსიმალურად თავი დაგვეზღვია პოლიტიკური გავლენებისგან. სამწუხაროდ, ეს რეკომენდაციები არ გაითვალისწინეს, მაგრამ თავისთავად ის, რომ მიმდინარეობს ეს პროცესი ღიად, არის მნიშვნელოვანი", — განაცხადა უჩა ნანუაშვილმა
ჟურნალისტებთან საუბარში ხუთშაბათს, 29 ოქტომბერს.
მიუხედავად ამისა, სახალხო დამცველმა იმედი გამოთქვა, რომ საბოლოოდ მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რომელიც პროკურატურის, როგორც დამოუკიდებელი და ფუნქციური ორგანოს როლს გააძლიერებს.
საპროკურორო საბჭოს ფუნქციაში შედის დანაშაულთან ბრძოლის პოლიტიკის შესახებ მთავარი პროკურატურის ყოველთვიური ანგარიშების, სტატისტიკური მონაცემების, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მხრივ არსებული ვითარებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გაცნობა.
გარდა ამისა, საპროკურორო საბჭო დაამტკიცებს მთავარი პროკურორის თანამდებობაზე იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ კანდიდატურასაც.