თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პროკურორთა საბჭო, რომელმაც ქვეყნის მთავარი პროკურორის თანამდებობაზე კანდიდატურა უნდა შეარჩიოს, მუშაობას არასრული შემადგენლობით შეუდგება – საბჭოში 15–დან 14 ადგილი შევსებულია.
საქართველოს პარლამენტის მიერ „პროკურატურის შესახებ“ კანონში შესწორებების შეტანამდე, ქვეყნის მთავარ პროკურორს იუსტიციის მინისტრის წარდგინებით, პრემიერ–მინისტრი ნიშნავდა. ამიერიდან მთავარ პროკურორს ექვსი წლის ვადით, გადარჩევის უფლების გარეშე, პარლამენტი დაამტკიცებს.
საქართველოს პარლამენტმა, არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციების შემდეგ, პროკურორთა საბჭოს ორი წევრი – ირმა ჭკადუა და პოლიკარპე მონიავა შეარჩია.
პროკურორთა საბჭოში ასევე უნდა შევიდეს საქართველოს პარლამენტის ორი დეპუტატი, ერთი საპარლამენტო უმრავლესობამ თავისი რიგებიდან უნდა აირჩიოს, ხოლო მეორე – საპარლამენტო ოპოზიციამ, თუმცა ოპოზიციამ თავისი კანდიდატის წარდგენაზე უარი განაცხადა.
პროკურორთა საბჭოს წევრი „უმრავლესობიდან“ ადამიანის უფლებათა და პარლამენტის სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია გახდა.
საქართველოს პროკურატურიდან, ფარული კენჭისყრის შედეგად, საბჭოში შევიდნენ პროკურორები: გიგა ძნელაძე, ნათია სონღულაშვილი, გოჩა ფარულავა, ანა კალანდაძე, კონსტანტინე სირაძე, მამუკა ფიფია, ანზორ უსტიაძე (აჭარის პროკურორის მოადგილე) და გიორგი გაბოძე (თბილისის პროკურორის მოადგილე).
პროკურორთა საბჭოს ორი წევრი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეთა შორის შეარჩია. ესენი არიან ვასილ მშვენიერაძე და სერგო მეთოფიშვილი.
კანონის „პროკურატურის შესახებ“ თანახმად, პროკურორთა საბჭოს თავმჯდომარე იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იქნება.