თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს ბევრი საერთო აქვთ სირიაში არსებულ ვითარებისადმი მიდგომებში, — განაცხადა აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ.
„ყველანი ვთანხმდებით მჭიდრო დისკუსიების გამართვაზე, ვთანხმდებით, რომ აუცილებელია პოლიტიკური გადაწყვეტილების მოძებნა“, — განაცხადა კერიმ ვაშინგტონში სიტყვით გამოსვლისას.
კერიმ ასევე აღნიშნა, რომ მხარეები ასევე თანხმდებიან „ისლამურ სახელმწიფოსა“ თუ სხვა ნებისმიერ ტერორისტულ დაჯგუფებაზე გამარჯვების მოპოვების აუცილებლობის საკითხზე.
„ჩვენ ვთანხმდებით, რომ სირიის სახელმწიფო უნდა შენარჩუნდეს“, — თქვა სახელმწიფო მდივანმა. აშშ–სა და რუსეთის შეხების წერტილებს შორის მან ასევე დაასახელა ლტოლვილების შინ დაბრუნების აუცილებლობა და ასევე სირიიელი ხალხის უფლება, აირჩიოს საკუთარი ლიდერები სამართლიანი არჩევნების გზით.
ჯონ კერის განცხადებით, მან სიგნალი გაუგზავნა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსა და ყველა დაინტერესებულ მხარეს იმის შესახებ, რომ „სირიაში კატასტროფის შეწყვეტაზე პასუხისმგებლობა ყველას აკისრია“.