თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ვენაში, სირიის პრობლემასთან დაკავშირებით, შეხვედრას მართავენ.
პროტოკოლით გათვალისწინებული მისალმების შემდეგ, ისინი მედიის წინაშეც წარდგნენ. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს ვენის სასტუმრო „იმპერიალში“.
„ლავროვი და კერი ვენაში. მათ ხელი ერთმანეთს სამჯერ ჩამოართვეს: ორჯერ კამერების გარეშე და ერთხელ ჟურნალისტებისთვის. თითოეული მათგანი იმის მანიშნებელი იყო, რომ „წინ უბრალო სამუშაო არ გველის“. ამის შემდეგ დაიწყო „ტეტ–ა–ტეტ“ შეხვედრა“, — დაწერა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.
სავარაუდოდ, მოგვიანებით შეხვედრას შეუერთდებიან საუდის არაბეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები. მოსკოვში იმედი აქვთ, რომ ეს მოლაპარაკებები სირიის საკითხებში ფართო კოალიციის შექმნის წინაპირობად იქცევა.
ვენაში ასევე იგეგმება ახლოაღმოსავლური დარეგულირების საერთაშორისო შუამავალთა „კვარტეტის“ (რუსეთი, აშშ, ევროკავშირი და გაერო) შეხვედრაც.