თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. კოალიცია „ქართული ოცნება“ წამებისა და ძალადობის ვიდეო კადრების გავრცელებას პოლიტიკური მიზნებისათვის იყენებს, თვლის საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერი „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე.
ინტერნეტ სივრცეში ორი კვირის მანძილზე ვრცელდებოდა ვიდეო ჩანაწერები, რომელზეც ასახული იყო წამებისა და გაუპატიურების ფაქტები. საქართველოს პროკურატურამ ერთ-ერთ გავრცელებულ ვიდეო მასალაზე გააკეთა განცხადება, რომ შეურაცხყოფას ადგილი ჰქონდა შსს-ს მაღალი თანამდებობის პირების მიერ წინა ხელისუფლების პერიოდში — 2011 წელს.
დღეს რაც ფარულ კადრებთან დაკავშირებით ხდება არანაკლებ ამაზრზრენია, იმაზე რაც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ხდებოდა, განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. მისი თქმით არაფერი ახალი „ქართულ ოცნებას“ გუშინ და დღეს არ გაუგია.
„ძალიან კარგად ვიცოდით რასთან გვქონდა საქმე, მაგრამ ხელისუფლებამ იმის ნაცვლად, რომ დანაშაულებრივი სისტემის შემქმნელები დაესაჯა, სამი წელი მასთან კოჰაბიტაციაში გაატარა, მანამ სანამ სერიოზული პრობლემები არ გაუჩნდა წინასაარჩევნოდ“ განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
„ამაზრზენი და აღმაშფოთებელია, როდესაც ადამიანების უბედურების გამოყენება ხდება პოლიტიკური მიზნებისათვის. არანაკლებ დამნაშავეა „ქართული ოცნება“ იმაში, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ ბედავს თითის ქნევას,“-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
„ციხის სკანდალიდან“ სამი წლის შემდეგ, საქართველოში ეს იმ ვიდეოკადრების გავრცელების პირველი შემთხვევა იყო, სადაც ასახულია როგორ არაადამიანურად ექცევიან პატიმრებს შსს-ს თანამშრომლები.
დროებითმა კომისიამ, რომელიც უკანონო მოსმენებისა და ფარული ვიდეო ჩანაწერების საკითხებზე მუშაობდა, უარი თქვა ჩანაწერების დიდი ნაწილის განადგურებაზე იმ მოტივით, რომ სრულფასოვანი გამოძიება უნდა ჩატარებულიყო და დამნაშავე პირები დასჯილიყვნენ, ამის შესახებ სახალხო დამცველმა განაცხადა, რომელიც აღნიშნული კომისიის წევერი იყო.
2014 წლის 31 იანვარს, მუშაობის დასრულების შემდეგ, კომისიამ მოამზადა ანგარიში და შესაბამის ორგანოებს რეკომენდაციები მისცა ეფექტური გამოძიების ჩასატარებლად.