თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. ძალადობის სცენების შემცველი ვიდეოკადრების გავრცელება აბსოლუტურად მიუღებელია, უთხრა ჟურნალისტებს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარასკევს, 23 ოქტომბერს.
გასულ უქმეებზე, ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო ჩანაწერი, რომელზეც ასახულია წამებისა და გაუპატიურების ფაქტები. როგორც პროკურატურაში ამტკიცებენ, ისინი 2011 წელს განახორციელეს მაღალი თანამდებობის პირებმა.
”ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ძალადობის კადრების ტირაჟირება. ეს არის დაბრუნება იმ საშინელ წარსულში, რომელიც საქართველომ გაიარა. ეს ფურცელი უნდა გადაიშალოს ერთხელ და სამუდამოდ. მე არ ვიცი ვინ აკეთებს ამას, ეს ნამდვილად არ არის მთავრობის ინტერესი და ვინც აკეთებს, არ აქვს მნიშვნელობა სად არის, სად მუშაობს, რომელი გუნდის წევრია, ეს არის ადამიანების ფსიქიკის დანგრევა“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.
მინისტრის განცხადებით იგი კატეგორიულად ემიჯნება ქალაქებისა და რაიონული ცენტრების მასშტაბით მსგავსი კადრების ჩვენებას.
„ეს არის ფსიქიკის დანგრევა ახალგაზრდების, რომლებსაც შეიძლება ცხოვრება დავუმახინჯოთ მარტო იმითი, რომ ეს უბედურება ვაჩვენოთ, რაც გაიარა საქართველოს მოსახლეობის ერთმა ნაწილმა“, თქვა კვირიკაშვილმა.
„ციხის სკანდალიდან“ სამი წლის შემდეგ, ეს არის პირველი შემთხვევა ვიდეოკადრების გავრცელებისა, რომელზეც ასახულია პოლიციის თანამშრომლები როგორი სისასტიკით ექცევიან მოქალაქეებს. თბილისის საქალაქო სასამართლომ უკვე ცნო დამნაშავედ აღნიშნულ საქმეზე 11 ადამიანი, მათ შორის წარსულში შსს-ს მაღალი თანამდებობის პირები.