თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები“ რუსთავი 2 — ში შექმნილი სიტუაციის გამო არ აპირებენ მიმდინარე კვირას პარლამენტის სხდომებს დაესწრონ.
„რუსთავი2“-ის გარშემო სასამართლო განხილვამ ქართულ საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ტელეარხის ქონებისა და მისი მფლობელების წილების დაყადაღების შესახებ, პოლიტიკურ დაკვეთასა და სიტყვის თავისუფლების დარღვევას უწოდებენ.
„მიმდინარე კვირას, საპარლამენტო უმცირესობა პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე უარს ამბობს პლენარუ სხდომებზე მონაწილეობასა და გადაწყვეტილებების მიღებაში“, ნათქვამია საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის პარლამენტის თავმჯდომარისადმი მიმართვაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს თავისუფალ მედიაზე ზეწოლა. საფრთხის ქვეშაა და იზღუდება სიტყვის თავისუფლება, რაზეც ნათლად მეტყველებს სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები. სწორედ აქედან გამომდინარე პარტიის წევრები გეგმავენ თვალი ადევნონ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ის" გარშემო მიმდინარე მოვლენებს.
"საპარლამენტო უმცირესობა გეგმავს მიადევნოს თვალი და აქტიურად იყოს ჩართული სამაუწყებლო კომპანია,,რუსთავი 2"-ის გარშემო მიმდინარე პროცესებში. აქვე ავღნიშნავთ, რომ რუსთავი 2-ის სასამრთლო პროცესები დანიშნულია მიმდინარე წლის 28 და 30 ოქტომბერს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 133-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, საპარლამენტო უმცირესობა პოლიტიკური შეხედულების გამო უარს ვაცხადებთ მიმდინარე კვირის (26-30 ოქტომბრის) პლენარულ სხდომებზე და საკომიტეტო მოსმენებზე საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში მონაწილეობაზე", — ნათქვამია დავით ბაქრაძის განცხადებაში.