საქართველო, 27 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში არ არის და არც უნდა იყოს მედიის შეზღუდვა, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ სამშაბათს, 27 ოქტომბერს.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ თავისუფალი მედიის მოღვაწეობის შეზღუდვამ ან ხელის შეშლამ, შესაძლოა, ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებაზე იქონიოს გავლენა, მით უმეტეს, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ.
„შეზღუდვა არ არის და არც შეიძლება რომ იყოს. მით უმეტეს, რომ არჩევნები გვიახლოვდება და ამ პერიოდში მედიას ბევრი საქმე აქვს“, – განაცხადა აბაშიძემ „რუსთავი 2“–თან საუბრისას.
„რუსთავი 2“–ის წინააღმდეგ სასამართლო პროცესმა საზოგადოებაში რეზონანსი გამოიწვია. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას „რუსთავი 2“-ის ქონებისა და მისი მფლობელების წილების დაყადაღების შესახებ, ტელეკომპანია თავისუფალი სიტყვის შეზღუდვასა და პოლიტიკურ დაკვეთას უწოდებს.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2016 წლის შემოდგომაზე ჩატარდება.