თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. თავისუფალი მედიის მოღვაწეობის შეზღუდვამ ან ხელის შეშლამ, შესაძლოა, ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებაზე იქონიოს გავლენა, ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის ადგილობრივი წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„რუსთავი 2“–ის წინააღმდეგ სასამართლო პროცესმა საზოგადოებაში რეზონანსი გამოიწვია. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას „რუსთავი 2“-ის ქონებისა და მისი მფლობელების წილების დაყადაღების შესახებ, ტელეკომპანია თავისუფალი სიტყვის შეზღუდვასა და პოლიტიკურ დაკვეთას უწოდებს.
"ჩვენ თავს ვიკავებთ კონკრეტული სასამართლო საქმის კომენტირებისგან, თუმცა გვაწუხებს საკითხები, რომლებიც რეაგირებას საჭიროებენ; მოველით, რომ კანონის უზენაესობის, მართლმსაჯუფლების დამოუკიდებლობისა და მედიის თავისუფლების პრინციპები საქართველოსთვის ამ უმნიშვნელოვანეს პერიოდში პრაქტიკაშიც იქნება გამოყენებული“, – ნათქვამია განცხადებაში.
მედია და პოლიტიკური პლურალიზმი საქართველოს დემოკრატიისა და ქვეყნის ევროპული არჩევანის უმნიშვნელოვანესი კომპონენტებია, აღნიშნულია განცხადებაში.
მნიშვნელოვანი მედიასაშუალების საქმიანობის შეზღუდვამ ან ხელის შეშლამ შეიძლება გამოიწვიოს დემოკრატიული პროცესის შესუსტება, 2016 წლისთვის დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ჩათვლით, ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საქართველოში ევროკავშირის წევრ– ქვეყნების მისიების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით გაკეთდა.
"ამ ეტაპზე ძალზე მნიშვნელოვანია დღემდე მიღწეული რეფორმების გაგრძელება და დემოკრატიული ინსტიტუტების სრულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა. ყველა დემოკრატიული პოლიტიკური ძალის წვდომა მედიასაშუალებებზე დემოკრატიული არჩევნების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა“, –აცხადებენ დიპლომატები.
„ევროკავშირი ყურადღებით ადევნებს თვალყურს საქართველოში არსებულ მედიაგარემოს. ამ ეტაპზე ძალზე მნიშვნელოვანია დღემდე მიღწეული რეფორმების გაგრძელება და დემოკრატიული ინსტიტუტების სრულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა“, – აღნიშნავენ ევროკავშირის წარმომადგენლობაში.
ევროკავშირი ყველა სახელმწიფო ინსტიტუტსა და პოლიტიკურ მოთამაშეს მოუწოდებს, თავი შეიკავონ დაძაბულობისა და პოლარიზაციის ხელშემწყობი ნაბიჯებისა თუ განცხადებების გაკეთებისგან.