თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. „რუსთავი 2“–ს შენობის გარშემო შსს-ს თანამშრომლების მიერ დამონტაჟებული კამერების გამო ტელეკომპანია თავისუფლად ვერ მუშაობს, განაცხადა არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ორშაბათს, 26 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოში გადატრიალების მოწყობის მიზნით შეთქმულებაზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შემდეგ, სამართალდამცავმა ორგანოებმა ტელეარხ „რუსთავი 2“-ის მთელ პერიმეტრზე, ასევე შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ შენობის ირგვლივ, რომელიც „რუსთავი 2“-ის 51% წილს ფლობს, სათვალთვალო კამერები დააყენეს.
„ეს არის მედია–დაწესებულება, აქ შემომსვლელ-გამსვლელთა დაცვის ინტერესი არის ძალიან მაღალი, რადგან აქ შესაძლებლია მიმდინარეობდეს იმგვარი შეხვედრები, რომელიც კონფიდენციალობას საჭიროებს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ შეუძლებელია საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, აქ სათვალთვალო ვიდეოკამერების დამონტაჟება, მაგრამ ეს ვითარება თავისუფლად მუშაობის საშუალებას არ გვაძლევს. ჩვენ დღეს თავისუფლად ვერ ვმუშაობთ“, — განაცხადა გვარამიამ.
გვარამიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს კამერების დაყენებასთან დაკავშირებით განმარტება მოსთხოვა
„თუ ჩვენ ვერ ვიღებთ ვერანაირ ახსნა-განმარტებას, შექმნილ ფონზე განსაკუთრებით, ჩნდება ეჭვი, რომ ეს ყველაფერი მიმართულია ჩვენ წინააღმდეგ, ჩვენი გადაადგილების საკონტროლოდ, ჩვენთან შემოსული და გასული ადამიანების აღსარიცხად და შესაძლებლია, მათზე ზეწოლისა და ზეგავლენის მოსახდენად“, — აღნიშნა „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა.
რამდენიმე დღის წინ ზოგიერთმა უკრაინულმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია სტამბოლის აეროპორტში საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და საქართველოს უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის გიგა ბოკერიას შეხვედრის შესახებ, როლებიც, თითქოს, საქართველოში უახლოეს დღეებში სახელმწიფო გადატრიალების გეგმაზე საუბრობდნენ.
შაბათს, საქართველოს შსს-მ განაცხადა, რომ დაიწყო ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მიზნით შეთქმულების საქმის გამოძიება, რასაც საფუძვლად სააკაშვილის გეგმების შესახებ მედიით გავრცელებული ინფორმაცია დაედო. იმავე დღეს გიგა ბოკერია დაკითხვაზე დაიბარეს.
საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამ ვითარებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მთავრობა მოსახლეობისთვის თავისუფალი და მშვიდი ცხოვრების უზრუნველყოფისთვის ზრუნავს და ამისთვის ხელის შეშლის საშუალებას ის არავის მისცემს.