თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. ნატოს წარმომადგენლები თვალყურს ადევნებენ „რუსთავი 2"–თან დაკავშირებულ სასამართლო განხილვებს, — განაცხადა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ჯეიმს აპატურაიმ (James Appathurai) ოშაბათს, 26 ოქტომბერს.
წამყვანი ტელეკომპანია „რუსთავი 2"–ის სასამართლო განხილვამ საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ტელეკომპანიის ქონებისა და მფლობელთა წილების დაყადაღების თაობაზე „რუსთავი 2"–ის ხელმძღვანელობა პოლიტიკურ დაკვეთად და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად აფასებენ.
„რა თქმა უნდა, ვიცი, რაც ხდება „რუსთავი 2"–ის გარშემო. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ყოველივე ამას და ნატოს ოფისი რეგულარულად გვაწვდის ინფორმაციას ამის თაობაზე“, — განაცხადა აპატურაიმ, რომელმაც სასამართლო პროცესთან დაკავშირებით კომენტარებისგან თავი შეიკავა.
ნატოს თბილისის სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ განაცხადა, რომ „რუსთავი 2"–თან დაკავშირებული სასამართლო განხილვები დემოკრატიის პრინციპებს უნდა შეესაბამებოდეს.
„საერთაშორისო საზოგადოება მოელის მკაფიო ერთსულოვნებას კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით, რათა პროცედურები იყოს გამჭვირვალე და სამართლინი. ეს ყველაზე კრიტიკული ასპექტია… თავისუფალი მედია — ეს დემოკრატიის საფუძველია და მის გარეშე დემოკრატია ვერ იარსებებს. ასე რომ, ეს ძალზე მნიშვნელოვანია“, — განაცხადა ლაჰიუმ ჟურნალისტებთან საუბრისას.